გენიალური ქართველი მათემატიკოსის ილია ვეკუას იუბილე

1907 წლის 23 აპრილს, აფხაზეთში, სამურზაყანოს ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ შეშელეთში ნესტორ ვეკუას და ლიზა (მემუ) აბშილავას ოჯახში დაიბადა ილია ვეკუა.
არიან ადამიანები ღმერთისაგან მირონცხებულნი, რომლებიც მთელი არსებით ატარებენ ერის ტრადიციებს, მის ენერგიას, ტემპერამენტს, ნიჭსა და სიბრძნეს. მათ ხელიწიფებათ, ერი მსოფლიო ასპარეზზე წარმოაჩინონ. ეს რჩეულთა ხვედრია და სწორედ მათ რიცხვს განეკუთვნება გენიალური მათემატიკოსი და მექანიკოსი აკადემიკოსი ილია ვეკუა.
ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ ქართული მათემატიკური, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური სკოლების მსოფლიო აღიარებით. უდიდესი მადლიერებით და პატივისცემით მოვიხსენიებთ მათ ფუძემდებლებს ნიკოლოზ მუსხელიშვილს, ივანე ბერიტაშვილს, დიმიტრი უზნაძეს. ამ სკოლებთან მრავალი სახელგანთქმული მეცნიერის სახელია დაკავშირებული. მათ რიცხვს უთუოდ განეკუთვნება აკადემიკოსი ილია ვეკუა.
განსაკუთრებული ნიჭის, შრომისმოყვარეობის, ახალგაზრდობის მოზიდვისა და გატაცების უნარის წყალობით, მან დიდი წვლილი შეიტანა მათემატიკისა და მექანიკის მეცნიერებათა განვითარებაში, შეძლო პერსპექტიული მიმართულებების აღმოჩენა, თავად გახდა ახალი სამეცნიერო სკოლის მეთაური.
დიდი მეცნიერის აკად. ილია ვეკუას შემოქმედებითი გზა იშვიათად ყოფილა იავარდებით მოფენილი. ილია ვეკუას ცხოვრების გზაზე არაერთხელ შეხვედრია სერიოზული წინააღმდეგობები და სიძნელეები.
ერთი შეხედვით უცნაურია, რომ ეს დიდი მეცნიერი სწორედ მისი ცხოვრების მძიმე პერიოდებში აღწევდა უდიდეს შემოქმედებით წარმატებებს, რაც მის ბრწყინვალე ნიჭსა და ნებისყოფის განსაკუთრებულ სიძლიერეზე მეტყველებს.
გარდაცვალებამდე (1977 წლის 2 დეკემბერი) რამდენიმე თვით ადრე ილია ვეკუამ დაწერა „ მიმართვა ახალგაზრდობისადმი", სადაც ნათქვამია :
მეცნიერული მუშაობის წარმატების უზრუნველსაყოფად მთავარია სამი რამ: ნიჭი, მუშაობის უნარი და შერჩეული დარგისადმი სიყვარული. ადამიანს ცხოვრების გზაზე თითქმის ყოველთვის მრავალი ცდუნება ელოდება. კერძოდ, ესაა სურვილი, ერთი შეხედვით სავსებით ბუნებრივი, ცხოვრების პირობების კეთილდღეობისა - ჰქონდეს ხეირიანი ბინა, კარგი ხელფასი, მანქანა, თანამდებობა და მრავალი სხვა. მეცნიერებაში წარმატებებს მიაღწევს მხოლოდ ის, ვისაც უსაზღვროდ უყვარს თავისი დარგი, ვინც ყველაფერზე მაღლა დააყენებს სამეცნიერო-კვლევით მუშაობას და შემოქმედების სფეროში წარმატების მოპოვებას დაუქვემდებარებს ყველა სხვა ინტერეს. ვინც ასე მოიქცევა და წარმატებებსაც მიაღწევს, მისთვის ცხოვრების სხვა მხარეები თანდათანობით მოგვარდება და გაცილებით უკეთ, ვიდრე შეიძლებოდა, მას ახალგაზრდობის დროს ესახებოდა, ოღონდ ამისათვის საჭიროა დრო და მოთმინების დიდი უნარის გამომუშავება, კერძოდ, სულის მღრღნელი შურიანობის დაძლევა".
ეს იყო დიდი ილია ვეკუას ანდერძი, რომელიც მან დაუტოვა საქართველოს ახალგაზრდა თაობას.
დოკუმენტური ფილმი - ილია ვეკუა
იყავი ინფორმირებული!