* მიმდინარეობს საიტის ეტაპობრივი განახლება!  
სოფელი ხემაღალი, სადაც 1 თვეზე მეტია მეწყრული პროცესები მიმდინარეობს
    0    

გაგაცნობთ სოფელ ხემაღალს – დასახლებას, სადაც დაახლოებით 1 თვეზე მეტია მეწყრული პროცესები მიმდინარეობს. სოფელს გარს აკრავს ტყიანი ფერდობები, რაც ბუნებრივად ლამაზ, მაგრამ გეოლოგიურად არამდგრად გარემოს ქმნის. სწორედ ასეთმა რელიეფმა და ნიადაგურმა პირობებმა ხელი შეუწყო მეწყრული პროცესების განვითარებას, რაც სოფლის გარკვეულ უბნებში სერიოზულ საფრთხედ იქცა.
სოფელი ხემაღალი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. იგი განლაგებულია მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა ნაპირზე ზღვის დონიდან 300 მეტრის სიმაღლეზე, მთაგორიან, ტყიან ლანდშაფტში, ხარაგაულიდან 7 კმ-ის მანძილზე (ლაშის თემი). სოფლის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ტანმაღალი ხეები ხარობდა. გავრცელებული თქმულების მიხედვით სოფლის სახელი ამ მაღალი ხეების არსებობას უკავშირდება. ტოპონიმებიდან აღსანიშნავია ,,ლადოური“,  ,, კოპიტნარი“,  ,,ბეროული“, რომელიც დაკავშირებულია ბერო კვინიკაძის სახელთან. მასვე უკავშირდება ხემაღლის ტერიტორიაზე კვინიკაძეთა გვარის დასახლებაც. სოფელ ღვერკის ტერიტორიაზე მდ. ყარნებას ხეობაში გვხვდება ბეროულას ჩანჩქერი, რომელიც 20 მ. სიმაღლიდან ეშვება, გამოირჩევა თავისი ამგები ქანების რთული სტრუქტურით და სიდიადით. კვინიკაძეების ფუძეა  სოფელი საღვინე. ისტორიულად კვინიკაძეები შორაპნის ციხის მეციხოვნეები იყვნენ. ეს მებრძოლი, თავისუფალი და სამართლიანი სულის საგვარეულო, ერთ მუშტად შეკრულნი იცავდნენ სამშობლოს ერთ–ერთ ძირითად კარიბჭეს.

მეზობელ სოფელ ღვერკში მიწის დამუშავებისას ხშირად პოულობენ თიხის ძველი ჭურჭლის ნატეხებს და ადამიანის ძვლებს. ვარაუდობენ,რომ სწორედ, აქ გადიოდა გზა აღმოსავლეთ საქართველოში მიმავალი. ტოპონიმი „სამჭედური“ ერთ-ერთ მნიშნელოვანი ლოკაციაა სოფელ ხემაღალაში. ადგილობრივების გადმოცემის მიხედვით, სწორედ ამ ადგილას ჭედავდნენ ხარებსა და ცხენებს – ამზადებდნენ ლითონის ლახნებსა და ფეხსაცავებს, რათა მწყემსებს და ვაჭრებს გზა გაეგრძელებინათ რთულ და გრძელ სამგზავრო მარშრუტებზე. სავარაუდოდ, ეს ადგილი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა როგორც ეკონომიკური, ისე სამეურნეო ურთიერთობების ორგანიზებაში. ხორითი-სარგვეში-საბის გავლით უმოკლესი გზით გადადიოდნენ სურამში. 

ხემაღალის ღვთისმშობლის სახელობის სალოცავი XV საუკუნით თარიღდება. რთულ საუკუნეებგამოვლილი ტაძარი გასაბჭოების პერიოდში კიდევ უფრო მეტად სავალალო მდგომარეობაში ჩაუგდიათ. გასულ უახლოეს ათწლეულებში სოფლის ადგილობრივი მოსახლეობის წყალობით ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდა. კედლების ძირითად ნაწილს და ქვათა წყობას საუკუნეებისწინანდელი, პირვანდელი იერი შეუნარჩუნდა. ტაძარი საბჭოთა აქტივისტებისგან ნგრევას გადაურჩა. რესტავრაციის დროს სალოცავის კედლებში ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს (ამონალი და ფითილიც). დღესდღეობით ღვთისმშობლის სალოცავი აღდგენილია და მომლოცველიც ყავს. ეკლესიის კედლებში აღმოჩენილია პატარა ჭურები. ძველტრადიციულად კედლებში ჭურებს ხშირად აყოლებდნენ,რაც წირვა-ლოცვისა და გალობის ჟღერადობას საამურ ეფექტებს მატებდა.
ღვთისმშობლის სალოცავთან ახლოს უძველესი სასაფლაოს ტერიტორიაა. აქ საუკუნოვანი საფლავის ქვებია და ქვებზე ძველისძველი სხვადასხვა დამწერლობა შეინიშნება..
XIII - XIV საუკუნეებში აგებული ციხეკოშკის ნანგრევებია შემორჩენილი, რომელსაც ადგილობრივები ციხისყელს ეძახიან. ციხესიმაგრე საკმაოდ რთულად მისადგომ ადგილას აუგიათ. ციხეში აღმოჩენილია თიხის მილები და ჭურები, რომელთაც როგორც ღვინისთვის, ასევე წყლის სათავსოებად იყენებდა ციხეში გახიზნული მოსახლეობა. აქ ხანდახან კვირაობითაც კი უწევდათ თავის შეფარება. XX საუკუნის შუა ათწლეულებში მიწის დამუშავების დროს ციხის ტერიტორიაზე აღმოუჩენიათ სხვადასხვა საბრძოლო იარაღები: შუბები, ისრები, ხანჯალი, დოქები. მეთვალთვალე, ციხეკოშკიდან ანთებული კოცონით მტრის შემოსევას შორაპნისა და ჩხერის ციხეებს, ასევე ირგვლივ მდებარე სოფლებს ატყობინებდა. მოსახლეობა გახიზვნას ახერხებდა და საომრად მომზადებასაც ასწრებდნენ. როგორც ამბობენ ხემაღალის ციხეკოშკიდან საიდუმლო გვირაბი გადიოდა მდინარე ყარნებას ხეობაში. დღესდღეობით ციხის ნანგრევებზე გალავნის მხოლოდ რამოდენიმე მხარე შემორჩა. საძირკველისა და კედლების შემოწერილობით უდავოა, რომ ეს ციხესიმაგრე ერთერთი საიმედო თავშესაფარი იყო სოფლის მოსახლეობისთვის მტრის შემოსევისას.
იქნებ, ეს სწორედ ის ციხეა, რომელიც მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილთან: ,,ვარძიის ხევს ზეით, ძირულაზედ, არს ხარაგეულს ციხე შენი. ამ ციხესთან ეყრების  ძირულას ჩხერიმელა აღმოსავლეთიდამ“ (ქც IV გვ.758). ციხე ტერიტორიულად მართლაცდა, ახლოსაა მდინარე ჩხერიმელასა და   ძირულის შესართავთან. ეჭვს კი იწვევს ის ფაქტი, რომ ლაშის ტერიტორია ღაბუაშვილ აბაშიძეთა საკუთრებას წარმოადგენდა, ხოლო ხარაგაულის ციხე მამუკაშვილ-აბაშიძეთა საკუთრებაა. არადა, არსებობს ხალხში გავრცელებული მოსაზრებაც, რომ სწორედ, ლაშის ციხეში დაქორწინდა  მეფე ვახტანგ მეექვსე: ,,და შემდგომად ქაიხოსროს წარსვლისა წარიყვანა ვახტანგ იგი და დედინაცვალი თვსი და ძმანი თვსნი და მივიდა ხარაგაულს და მუნ ნებითა მეფისა ჰყო ქორწილი არა დიდებული“ (ქც IV, გვ 474).

სოფელს ჩრდილოეთიდან აკრავს წაბლის ტყე. ჯვრის ტყეში საუკუნოვანი მუხის ხეა. უხუცესების გადმოცემით ძველად ამ ადგილას სავარაუდოდ პატარა საყდარი უნდა მდგარიყო. მოსახლეობა ამ ადგილს ჯვრის ტყეს უწოდებენ. წინაპართაგან წმინდად მიჩნეულმა მიწამ თაობები გამოიარა, და დღემდე შემორჩა სოფელს. უხუცესები იმასაც ამბობენ, რომ ძველად მუხის ფესვებზე ლურსმნებს არჭობდნენ, სანთელს ანთებდნენ და საყვარელი ადამიანების ბედნიერებაზე ლოცულობდნენ. სანამ ლურსმნები აქედან თავისით არ ამოძვრებოდა,მანამდე კარგად ყოფნას და ჯანმრთელობას შესთხოვდნენ უფალს. გამვლელები აქ დღემდე პირჯვარს იწერენ. ამ მუხაზე შემომჯდარ ფრინველს მონადირეები არ კლავენ, დიდი პატივისცემით ეპყრობიან ჯვრის წმინდა ადგილის ძირძველ ისტორიას, რამაც დღემდე მწირედ, მაგრამ მაინც მოაღწია..
საღმრთო დღესასწაულებიდან სოფელში გამორჩეულად მარიამობას და ფერიცვალებას აღნიშნავენ. ფრიცვალების დღესასწაულზე ტრადიციული შეკრება განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში დაამკვიდრა სოფლის ახალგაზრდობამ და დღემდე აგრძელებენ. ადიან ჯვრის წმინდა ადგილას ღამისთევით, ლოცვითა და უფლის სადიდებლის თქმით ეგებებიან სადღესასწაულო დღის გათენებას. მარიამობის დღესასწაულზე, 28 აგვისტოს სხვადასხვა მხარეში გაბნეული ახალგაზრდობა უბრუნდება მშობლიურ სოფელს. იკრიბებიან ნათესავები, სტუმრები და მეგობრები.
არაფერი არ ჯობია ამ მადლიან და ღვთიური სილამაზით მდიდარ სოფელში დასვენებას. აქ დღესდღეობით სულ რაღაც, რამოდენიმე ათეული მკვიდრი ოჯახია შემორჩენილი,თუმცა ეს ის ხალხია, ვინც ხემაღალს დღემდე შემოუნახა სოფლის ძირძველი იერსაზე, ადათწესები. მოჭარბებული სითბო და სიყვარული იგრძნობა ტრადიციულ სტუმართმოყვარე ხემაღალის ოჯახებში.



წყარო: ქართული ენციკლოპედია. უნიკალური ქართული ლექსიკონი. ამონარიდები ძველი გაზეთებიდან. მადლობა ეთერ ლომსაძეს, მაკა ბოჭორიშვილს. fb გვერდი "მიყვარხარ ხარაგაულო" https://cvenisofeli.blogspot.com/

კომენტარში უნდა იყოს მინიმუმ 15 სიმბოლო! კომენტარები გაივლის მოდერაციას.
reload, if the code cannot be seen
კომენტარი ჯერ არ არის. შენ შეგიძლია იყო პირველი!