სწავლების საქმეში მეტად დახელოვნებული მასწავლებელი
„მისალმების შემდეგ თავისუფლად ამოვისუნთქეთ. მასწავლებელი სკამზე ჩამოჯდა და ბავშვებს პკითხა:
- რას აკეთებს მასწავლებელი?
- მასწავლებელი სკამზე ზის. - გუნდად უპასუხეს მოწაფეებმა. მასწავლებელი ფეხზე წამოდგა.
- ახლა რას აკეთებს მასწავლებელი?
- მასწავლებელი ფეხზე დგას.
მასწავლებელი ფანჯარას მიადგება და სასწავლებლის ეზოში იყურება.
- რას აკეთებს მასწავლებელი?
- მასწავლებელი ფანჯარასთან დგას.
მასწავლებელი მერხების წინ დაფენილ ჭილოფზე წვება, თვალებს ხუჭავს, ვითომ მძინავსო და ხმამაღლა ხვრინავს. შემდეგ მოსდევს კითხვა:
– რას აკეთებს მასწავლებელი.
–– მასწავლებელი ჭილოფზე წევს.
– კიდევ რას აკეთებს?
– მასწავლებელს ძინავს.
– ძილში მასწავლებელი რას აკეთებს?
– ძილში მასწავლებელი ხვრინავს.
ბ-ნი ე. ამის შემდეგ ერთბაშად მღერის, იცინის, ცეკვავს ხტუნავს ტირის და თვითეულ ამ მოქმედების დროს მოწაფეებს ეკითხება, ახლა მასწავლებელი რას აკეთებს? მოწაფეები გუნდად უპასუხებენ: – მასწავლებელი მღერის, იცინის, ცეკვავს, ხტუნავს და ასე ამრიგად, როცა ბ-ნმა ე-მ წინასწარ დამუშავებული მასალა” მთლიანად ამოწურა, იგი მიუბრუნდა მოწაფეებს და უთხრა: აბა, ბავშვებო, ყური დამიგდეთ, ახალ მასალას აგიხსნით და, რაც გასწავლოთ, კარგად დაიმახსოვრეთ.
სწავლების საქმეში მეტად დახელოვნებულმა მასწავლებელმა „კედლიდან ჩამოიღო დიდი სურათი, რომელზედაც დახატული იყო ქათამი, მოწაფეებს აჩვენა და სამჯერ გარკვევით გაიმეორა: „ამ სურათზე დახატულია ქათამი“,
მასწავლებელი შედგა მერხების წინ დაფენილ ჭილოფზე, ჩაცუცქდა და ვითომ ქათამი ვარო, ხელები ქათმის მბრებივით მოიმარჯვა, კისერი დაიგრძელა და ქათმის მსგავსად აკაკანდა.
- ბავშვებო, ჭილოფზე შემდგარი ქათამი კაკანებს. – სამჯერ გარკვევით გაუმეორა მოწაფეებს.
– აბა, ახლა მითხარით, სად დგას ქათამი?
– ქათამი ჭილოფზე დგას.
– რას აკეთებს ქათამი ვილოფზე?
– ქათამი ჭილოფზე კაკანებს.
ამ ინსცენირების შემდეგ ბ-ნმა ე-მ ხელები უკან მიიბრუნა, საჯდომზე მოიმარჯვა, მცირე ხანს კაკნი მორთო და მარჯვენა ხელში დაჭერილი კვერცხი მოწაფეებს აჩვენა.
– აი, ბავშვებო, ჩვენმა ქათამმა კვერცხი დასდო-––გაიმეორეთ გუნდად.
– ჩვენმა ქათამმა კვერცხი დასდო. - უპასუხეს მოწაფეებმა.
როცა ბ-ნი ე. ამ კაკანსა და კვერცხის ხელოვნურად დადებას მორჩა და დარწმუნდა, რომ მოწაფეებმა ყოველივე მის მიერ განმარტებული ახალი ცნება საკმარისად შეითვისეს, კედლიდან მეორე სურათი ჩამოიღო, რომელზედაც საუკეთესო ჯიშის ღორი
იყო დახატული...
– ბავშვებო, ამ სურათზე დახატულია ღორი. აბა, გაიმეორეთ!
– ამ სურათზე დახატულია ღორი. - უპასუხეს მოწაფეებმა.
მასწავლებელი გაიშოტა იატაკზე დაფენილ ჭილოფზე, ხელები ღორის წინა ფეხებივით მოიმარჯვა, ფეხები ღორის უკანა ფეხებივით შემოიკრიბა, თავი ხელებზე ჩამოსდო.
– ბავშვებო, წარმოიდგინეთ, რომ მე ვითომ ღორი ვარ, ყური დამიგდეთ! ჭილოფხე გაშოტილმა მასწავლებელმა დაიწყო ღორივით ღრუტუნი.
– აი, ბავშვებო, ღორი ღრუტუნებს, ღორი ღრუტუნებს. გაიმეორეთ!
მოწაფეებიც იმეორებდნენ: ღორი ღრუტუნებს, ღორი ღრუტუნებს.
– აბა, ახლა მითხარით ვინ წევს ჭილოფზე?-– შეეკითხა მასწავლებელი მოწაფეებს.
– ჭილოფზე წევს ლორი. - უპასუხეს მათ.
– კეთილი! რას აკეთებს ღორი?
– ღორი ღრუტუნებს.
სწორედ იმ დროს, როცა ჩვენი პესტალოცი ჭილოფზე იყო გაშოტილი და ღორივით ღრუტუნებდა და თან მოწაფეებს შეკითხვებს აძლევდა, სასწავლებლის შენობის დერეფნიდან ზარის ხმა გაისმა. ბ-ნმა ე-მ სასწავლებლის ეზოს კარებამდე თავაზიანად მიგვაცილა. გამოსალმებისას მან მორიდებით თხოვა იაკობ გოგებაშვილს თავისი აზრი გამოეთქვა მოწაფეთა წარმატების შესახებ.
იაკობმა გამოთხოვებისას მასწავლებელს ღიმილით ხელი გაუწოდა და უთხრა:
„აბა, რა უნდა გითხრათ თქვენ ეშმაკებს ჩაუგდიხართ ხელში და მათ სასარგებლოდ იყენებთ მთელ თქვენს პედაგოგიურ ნიჭსა და გამოცდილებას. ეშმაკების მიერ ხელფეხ შებოჭილს ზურგი შეგიქცევიათ ყოველივე იმისათვის, რაც ჭეშმარიტ პედაგოგიურ მეცნიერებას დღემდე გამოუმუშავებია. მთელ თქვენს აზრსა და გონებას ეშმაკები დაუფლებიან. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ქართველი ხალხი თავის დროზე, და ეს დრო არც ისე შორსაა, სამართლიან მსჯავრს დასდებს თქვენს აწინდელ მოღვაწეობას“