* მიმდინარეობს საიტის ეტაპობრივი განახლება!  
პირველი ქართული სამეცნიერო ფანტასტიკა - ქალი სარკეში
    0    

ალექსანდრე აბაშელმა რომანი "ქალი სარკეში" 1930 წელს გამოაქვეყნა, რასაც მალევე მოჰყვა დიდი გამოხმაურება. მწერალს აქამდე მხოლოდ მისი ლექსების კრებულებით იცნობდნენ. რომანი დაყოფილია რამდენიმე პირობით ნაწილად. პირველ ძირითად ნაწილში მოქმედება მიმდინარეობს დედამიწაზე, მეორე კოსმოსში, ხოლო მესამე, ყველაზე მცირე – მარსზე.

ამ რომანში წარმოდგენილი ფაქტები 1933 წელს არა, მაგრამ დღეს უკვე ახდენილია. თუმცა მრავალი მოვლენა ტექნიკურად დაუზუსტებელი. ერთ–ერთ თავში, როცა პერსონაჟები მარსზე მიემგზავრებიან, ავტორი ახსენებს ჰერბერტ უელსისა და ჟიულ ვერნის ფანტასტიკურ რომანებს, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მთავარი პერსონაჟის, გურგენ კამარელის პროფესიის არჩევაში. იმ დროისთვის ჯერაც არაპოპულარული იყო სამეცნიერო ფანტასტიკა საბჭოთა კავშირში, თუმცა როგორც ცნობილია, სტალინს მოსწონდა უელსი და 1934 წლის შეხვედრის შემდეგ ბრძანა მისი ნაწარმოებები ეთარგმნათ რუსულად. მიუხედავად იმისა, რომ ქალი სარკეში ბევრად ადრე 1930 წელს დაიწერა, ბიოგრაფიული ცნობებით ალექსანდრე აბაშელი ფლობდა ინგლისურ ენას და მას შეეძლო გაცნობოდა უელსის ნაშრომებს. ამ დროს ასევე პოპულარული იყო ჟიულ ვერნი. სავარაუდოა, რომ "ქალი სარკეში"–ის დაწერა სწორედ ამ ორმა ავტორმა შთააგონა ქართველ მწერალს.

ნაწყვეტი რომანიდან:

 როგორც იცით, მარსი და დედამიწა ხშირად ძალიან უახლოვდებიან ერთმანეთს. 
- მე ერთი წუთითაც არ მეეჭვებოდა, - თქვა ვაისმანმა, - რომ მარსზე არსებობს სიცოცხლე. მართლაც, როგორ შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ განუსაზღვრელ სამყაროში, ამდენ მზეთა სისტემაში, ურიცხვ პლანეტებზე, რომელთა შორის უთუოდ მრავალია ისეთი პლანეტა, როგორიც დედამიწაა, თავისი ქიმიურ-ფიზიკური პირობებით, როგორ შეიძლება ამ უამრავ პლანეტაზე არსად სიცოცხლე არ არსებობდეს და მხოლოდ დედამიწა იყოს რაღაც უცნაური გამონაკლისი? ეს აზრი, როგორც მოგეხსენებათ, მეცნიერებაში უდავოა.

-აკვდებოდნენ ჩვენი მეცნიერები მარსს, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი გამოდიოდა, - გააწყვეტინა სიტყვა კამარელმა. - ბოლო დროს, ხომ მთლად შევრცხვით: 1924 წლის აგვისტოს, როცა მარსი 55 მილიონ კილომეტრამდე მიუახლოვდა დედამიწას, მთელი ქვეყნის ობსერვატორიები ტელესკოპების დამშეული თვალებით სინჯავდნენ მის ყოველ ხაზს და წერტილს, მაგრამ, როგორც იცით, არა თუ არაფერი ახალი არ აღმოჩნდა, სრულიად გაქრა ის საოცარი არხებიც, რომლებიც ათასჯერ უნახავს ტელესკოპებს გაცილებით უფრო შორი მანძილიდან.


- მეც სწორედ აქეთკენ ვაპირებდი ჩემი საუბრის გადატანას, - გაეხარდა ვაისმანს. - დაკვირვებიხართ თუ არა თქვენ ამ გაუგებარ მოვლენას? რამდენიმე საუკუნის განმავლობაში უფრო სუსტსა და პრიმიტიულ ინსტრუმენტებში დიდ სიშორეზე ნათლად და გარკვევით ჩანდა არხების სწორი ხაზები, 1924 წელს კი, თანამედროვე ტელესკოპების უდიდესმა და ურთულესმა ობიექტივებმა არხების კვალიც ვერ შენიშნეს!

- სწორედ გითხრათ, მეც გამაკვირვა ამ მოვლენამ! - დაუდასტურა კამარელმა.


- მე კი, მეტად ჩამაფიქრა, - განაგრძო ვაისმანმა, - და სწორედ ამ დროიდან დავიწყე არხების შესწავლა ძველი რუკების და ფოტოგრაფიებით. რომ ეს უცნაური ხაზები არსებობდნენ, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა: სხვადასხვა დროს მეცნიერთა აუარებელი დაკვირვება ამოწმებს ამ ფაქტს. ფოტოგრაფია ხომ უტყუარია ამ შემთხვევაში! როგორ ხსნიდნენ ამ ხაზებს მეცნიერებაში? პირველყოვლისა, იპყრობდა ყურადღებას ის გარემოება, რომ ხაზების მწყობრი სისტემა შეუძლებელია ყოფილიყო ბუნებრივი პროცესების შედეგი. არსად დედამიწაზე ამგვარ მოვლენას ადგილი არა აქვს. მაშასადამე, რჩებოდა ერთი ახსნა: რომ ეს ხაზები გაყვანილია რაიმე მიზნით გონიერ არსებათაგან. ყველაზე უფრო დამაჯერებელ ახსნას დედამიწის თვალსაზრისით იძლეოდა არხების ჰიპოთეზა. მაგრამ ამ ჰიპოთეზას გამოუსვლელ მდგომარეობაში აყენებდა არხების განსაცვიფრებელი განი: 60-დან 300 კილომეტრამდე. ასეთი ვეება არხების გაყვანა პლანეტის ერთი პოლუსიდან მეორემდე მწყობრი პარალელური და სამკუთხური სისტემით ადამიანის თვალსაზრისით არ არის მიზანშეწონილი და არც ტექნიკურად მოსახერხებელი. მიაქციეს აგრეთვე ყურადღება კიდევ ერთ გასაოცარ მოვლენას: ზოგიერთ კუთხეში ეს უზარმაზარი არხები ხანდახან სრულიად ქრებოდა რამდენიმე კვირის და ხან დღის განმავლობაში. იცვლებოდა აგრეთვე დროგამოშვებით არხების მთელი სისტემა.


- მართლაც გასაკვირია ეს მოვლენა! - ვერ მოითმინა კამარელმა.
 
- როცა არხების ფოტოგრაფების შესწავლას შევუდექი, - განაგრძო ვაისმანმა და რვეული გადაფურცლა, - ჩემი ყურადღება მიიპყრო სკიაპარელის მიერ გადაღებულმა სურათებმა. მან გადაიღო არხების ერთი და იგივე ადგილი ჯერ 1884 წელს, შემდეგ 1886 წელს და სრულიად გაუგებარსა და აუხსნელ მოვლენას წააწყდა: ორი წლის განმავლობაში არხების მთავარი მიმართულება დარჩა უცვლელად, ხოლო ცალკე ხაზები ზოგან გაქრა, ზოგან ახალი მოემატა და კუთხეთა კომბინაცია შეიცვალა.
 
ვაისმანმა რვეულიდან ამოიღო არხების სურათი და კამარელს წინ გაუშალა.
 

 



კომენტარში უნდა იყოს მინიმუმ 15 სიმბოლო! კომენტარები გაივლის მოდერაციას.
reload, if the code cannot be seen
კომენტარი ჯერ არ არის. შენ შეგიძლია იყო პირველი!