იქ, სადაც ჩვენი თვალი უკვე ვეღარ ასხვავებს დეტალებს
დღეს მინდა ერთი უჩვეულო და, შემიძლია ვთქვა, მაგიური მოგზაურობა შემოგთავაზოთ. მოგზაურობა, რომელსაც არც გემი სჭირდება, არც თვითმფრინავი და არც კოსმოსური ხომალდი — ჩვენი მთავარი სატრანსპორტო საშუალება დღეს ადამიანის გონება და წარმოსახვა იქნება.
წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი სასკოლო სახაზავი, რომელიც ყველას გვჭერია ხელში. მასზე ყველაზე მცირე დანაყოფი მილიმეტრია (მმ). დააკვირდით ამ პატარა ხაზებს შორის მანძილს — ეს დაახლოებით ფანქრის წვერის სისქეა. თუ 10 ასეთ მილიმეტრს შევაერთებთ, მივიღებთ სანტიმეტრს (სმ). წარმოიდგინეთ პატარა, მშრომელი ფუტკარი, რომელიც გაზაფხულის მზიან დღეს ყვავილზე ჯდება ნექტრის შესაგროვებლად — მისი სიგრძე დაახლოებით სწორედ ერთი სანტიმეტრია. 100 ასეთი სანტიმეტრი უკვე მეტრია (მ) — ეს საკლასო დაფის სიმაღლე ან გრძელი, თავდაჯერებული ნაბიჯია. ხოლო თუ 1000 ასეთ ნაბიჯს გავივლით, უკვე კილომეტრს (კმ) მივიღებთ. კილომეტრებით ვზომავთ მანძილს სკოლიდან სახლამდე, ან ერთი ქალაქიდან მეორემდე.
რა ხდება მილიმეტრს მიღმა, ნუთუ მილიმეტრი საზღვარია? იქ, სადაც ჩვენი თვალი უკვე ვეღარ ასხვავებს დეტალებს? მაგალითად, დაფიქრებულხართ, როგორ იზომება ადამიანის თმის ღერის სისქე?
თმის ღერს სახაზავით ვერ გავზომავთ. იმისათვის, რომ შევიცნოთ ეს მიკროსამყარო, კაცობრიობამ შემოიღო მიკრომეტრი (რომელიც მილიმეტრის მეათასედია) და ნანომეტრი. თმის სისქე, საშუალოდ, 50-დან 100 მიკრომეტრამდე მერყეობს. წარმოიდგინეთ მილიმეტრი, გაყავით ის ათას ტოლ ნაწილად და აიღეთ მისი ასი ნაწილი — აი, ასეთი ზუსტი და მინიატურულია ის სამყარო, რომელსაც ყოველდღე სარკეში ვხედავთ და ვერ აღვიქვამთ.
როდესაც დედამიწას ვტოვებთ და კოსმოსურ სივრცეში გავდივართ, კილომეტრი თავის ძალას კარგავს. კოსმოსში კილომეტრებით მანძილის გაზომვა დაახლოებით იმას ჰგავს, ჭიანჭველის ნაბიჯებით რომ ვეცადოთ ეკვატორის გარშემო სიგრძის დათვლას. რიცხვები იმდენად დიდი და მოუხერხებელი ხდება, რომ აზრს კარგავს. ამიტომ, ასტრონომებმა ახალი, გაცილებით დიდი საზომები შემოიღეს. პირველი ასეთი არის ასტრონომიული ერთეული (ა.ე.). ეს არის საშუალო მანძილი ჩვენგან ჩვენს მშობლიურ ვარსკვლავამდე — მზემდე. ერთი ასტრონომიული ერთეული დაახლოებით 150 მილიონი კილომეტრია. ეს საზომი ძალიან მოსახერხებელია მზის სისტემის შიგნით სამოგზაუროდ.
მაგრამ როგორც კი ჩვენი მზის სისტემის საზღვრებს ვცდებით, წარმოიდგინეთ უსასრულოდ დიდი ჭადრაკის დაფა, სადაც თითოეული უჯრა წარმოუდგენელ სივრცეს მოიცავს — აქ უკვე ასტრონომიული ერთეულიც უსუსური ხდება. აქ ასპარეზზე გამოდის სამყაროს ყველაზე მისტიური საზომი: სინათლის წელიწადი. ბევრს ჰგონია, რომ სინათლის წელიწადი დროის საზომია, რადგან სიტყვა "წელიწადს" შეიცავს. სინამდვილეში, ეს მანძილია. სინათლე არის ყველაზე სწრაფი რამ, რაც კი სამყაროში არსებობს. ის ერთ წამში დაახლოებით 300 000 კილომეტრს გადის. წარმოიდგინეთ, ერთ წამში სინათლეს შეუძლია დედამიწას ეკვატორზე შვიდნახევარჯერ შემოუაროს! ასე რომ, სინათლის წელიწადი არის ის უზარმაზარი მანძილი, რომელსაც ეს სინათლე, ამ კოსმოსური სისწრაფით მოძრაობისას, მთელი 365 დღის განმავლობაში ფარავს.
რადგან სინათლის სიჩქარე, მიუხედავად მისი სიდიდისა, მაინც სასრულია და მას დრო სჭირდება მანძილის დასაფარად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველთვის წარსულს ვხედავთ. როდესაც ღამით გარეთ გახვალთ, თავს ზემოთ აწევთ და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შეხედავთ, იცოდეთ, რომ თქვენ დროის მანქანაში ზიხართ. ვარსკვლავები იმდენად შორს არიან ჩვენგან, რომ მათი სინათლე წლები, საუკუნეები, ზოგჯერ კი ათასწლეულები მოგზაურობს კოსმოსის სიცარიელეში, რათა ჩვენს თვალამდე მოაღწიოს. თუ თქვენ დღეს საღამოს ცაზე პირველად შენიშნავთ ახალ, კაშკაშა ვარსკვლავს, დაფიქრდით იმაზე, რომ ის სინათლე, რომელიც ახლა თქვენს თვალის ბადურას ეცემა, შესაძლოა იმ ვარსკვლავმა მაშინ გამოასხივა, როცა თქვენ ჯერ დაბადებულიც არ იყავით. შესაძლოა, ის ვარსკვლავი ახლა საერთოდ აღარც არსებობს, მაგრამ მისი სინათლის "მოჩვენება" კვლავ აგრძელებს ჩვენკენ ფრენას. ჩვენ ვუყურებთ სამყაროს არა ისეთს, როგორიც ის ახლაა, არამედ ისეთს, როგორიც ის იყო გუშინ, ათი წლის წინ, ან მილიონი წლის წინ.
ეს კოსმოსური ილუზია სულაც არაა სადღაც შორს, ის პირდაპირ ჩვენს მზის სისტემაშიც მუშაობს. მთვარე — ჩვენი უახლოესი კოსმოსური მეზობელის სინათლე, რომელიც მთვარის ზედაპირიდან ირეკლება, დედამიწამდე მოსაღწევად 1.3 წამი სჭირდება. შესაბამისად, როცა მთვარეს ვუყურებთ, ჩვენ ვხედავთ მას ისეთს, როგორიც ის დაახლოებით წამ-ნახევრის წინ იყო.
მზე ბევრად უფრო შორსაა. მზიდან წამოსული სინათლის სხივი დედამიწამდე მოგზაურობას, თავისი 300,000 კმ/წმ სიჩქარით, დაახლოებით 8 წუთსა და 20 წამს ანდომებს. რომ წარმოვიდგინოთ აბსურდული სცენარი და მზე მოულოდნელად, წამიერად გაქრეს, დედამიწაზე ამის შესახებ ვერავინ ვერაფერს გაიგებს ზუსტად 8 წუთის და 20 წამის განმავლობაში. ჩვენთვის ცაზე ისევ იკაშკაშებს მზე, ჩვენ ისევ ვიგრძნობთ მის სითბოს, სანამ უკანასკნელი გამოტყორცნილი სხივი არ მოაღწევს ჩვენამდე.
აი, ასეთ საოცარ სამყაროში ვცხოვრობთ. მილიმეტრის მეათასედებიდან დაწყებული, მილიარდობით სინათლის წლით დამთავრებული, გაზომვები მხოლოდ მშრალი რიცხვები არ არის. ისინი გვიყვებიან ისტორიას სამყაროს მასშტაბებზე, დროის მსვლელობაზე და იმაზე, თუ რაოდენ პატარები, მაგრამ ამავდროულად შემეცნების უნარით დაჯილდოებულნი ვართ ჩვენ, ადამიანები. იმედია, ამის შემდეგ ცაში ახედვა, ან თუნდაც უბრალო სახაზავის ხელში დაჭერა, სულ სხვა განცდებს აღგიძრავთ.
ავტორი: www.edumeter.ge - მამუკა კვინიკაძე
იყავი ინფორმირებული!