მელოდია - იცით როგორ ჩნდება ცისარტყელა?
წვიმის წვეთებმა მზის სხივები აირეკლა და ერთი ცისარტყელა კი არა, ცაზე სამი ცისარტყელა ერთად დაანახა ლევანს. გაკვირვებული უყურებდა და აკვირდებოდა ფერებს, რომელთა სიმრავლემაც გააკვირვა. ძალიან მოსწონდა რკალად გაფერადებული ეს რამდენიმე ზეცის და მიწის ბილიკი და მის ყველა დეტალს იმახსოვრებდა, ფერების თანმიმდევრობას, სიმაღლეს, სიკაშკაშეს. თითოელ ფერს სათითაოდ თვალი რომ გააყოლა, ეგონა, რომ ფერადი ხაზებით დახატულ და აჟღერებულ მელოდიებს უსმენდა. საოცარი ჰარმონიაა, როცა უცქერ და გგონია რომ ცას უახლოვდები.
-როგორი ლამაზია არა, იცით როგორ ჩნდება ცისარტყელა? -გვეკითხებოდა მასწავლებელი მერვე კლასში.
-კი. -უპასუხა მოკლედ ერთმა. ჩვენ სრულიად მონუსხულები ვცდილობდით ბუნების ეს სილამაზე აღვექვა ჩვენი გაგებით, ბავშვური აღტაცებით. გვეგონა, რომ საოცრებაში ვიყავით და გვინდოდა სამუდამოდ დაგვხსომებოდა.
-აბა როგორ? -ჩაეძია მასწავლებელი.
- მაგნიტურიმოვლენა. -თქვა იგივე მოსწავლემ.
-მზის შვილები, ცის ბილიკი, ნისლი... -აყვნენ სხვები.
-ბუნების მელოდია. -ჩემს მიერ წაკითხული ცისარტყელაც გავამხილე.
-თქვენ პატარა ფიზიკოსი, ქიმიკოსი, მწერლები და პოეტები ხართ. -გვითხრა მასწავლებელმა და ჩვენც გვიხაროდა. როდესაც მას ვინმე ესაუბრებოდა, სახეზე სულ კეთილგანწყობა აღებეჭდებოდა ხოლმე და თითოელ ჩვენს ვარაუდზეც კეთილი ღიმილი არ ტოვებდა მის სახეს, მაგრამ მაშინ მისი ღიმილი დამცინავი ადამიანის ღიმილად მომეჩვენა. ახლა ვხვდები რომ ის ჩვენში, ჩვენს ვარაუდებში ხედავდა ჩვენს ფიქრს, აზრებს, დამოკიდებულებას, მას შეეძლო ჩვენი ფიქრით ეფიქრა.
-არა, ცისარტყელის წარმოქმნის მიზეზი, წვიმის წვეთებში მზის სხივის გარდატეხა და არეკვლაა.-გვითხრა, თუმცა ვერ მივხვდით.
-იქნებ გვეჩვენება მასწ? -მაგნიტური მოვლენის ვარაუდის ავტორი უკვე მასწავლებლის ვარიანტსაც უარყოფდა.
-ინგლისელ ფილოსოფოსს როჯერ ბეკონს სწორედ ასე მიაჩნდა, რომ ცისარტყელის ფერები თვალის სისველით გამოწვეული სუბიექტური მოვლენაა, მაგრამ ცისარტყელა ჩნდება იმოტომ, რომ სინათლის სხივი გარდატყდება წვიმის ან ნისლის წყლის წვეთებში, რომლებიც ჰაერში ლივლივებენ. ეს წვეთები კი სინათლეს სხვადასხვა ფერად შლის.
- როგორც უკვე ვთქვით - აგრძელებდა მასწავლებელი. -ცისარტყელა მიიღება წვიმის წვეთში სხივის გარდატეხით და არეკვლით. ჩვეულებრივ, სხივი წვიმის წვეთში ბევრჯერ აირეკლება, რის შედეგადაც იგი ნელ-ნელა კარგავს თავის ენერგიას. სწორედ ამიტომ რაც უფრო ბევრჯერ აირეკლება სხივი წვეთში, მით უფრო სუსტი ცისარტყელა მიიღება.
-ყველაზე კაშკაშამ ერთხელ აირეკლა?
-დიახ. ყოველი წვეთის შიგნით სხივის ორმაგი არეკვლა მეორე ანუ დამატებითი ცისარტყელის წარმოქმნას განაპირობებს, რომელშიც ფერების თანმიმდევრობა შეცვლილია.
ისევ ცისარტყელას ვუყურებდით, მაგრამ ის ნელ-ნელა ქრებოდა. მელოდია ბოლო მონაკვეთში საგრძნობლად დაბლდებოდა და მთავრდებოდა.
-იცით ზღაპარი ცისარტყელაზე?
უარყოფის ნიშნად ყველამ თავი გააქნია.
ზღაპარი ცისარტყელაზე:
ერთ ფერად ქვეყანაში ერთი ლამაზი გოგონა ცხოვრობდა, რომელიც ჩვულებრივი გოგონა არ იყო. მისი თმები ყოველდღე სხვადასხვა ფერის ყვავილებს ისხამდა. ორშაბათს – წითელს, სამშაბათს – ნარინჯისფერს, ოთხშაბათს – ყვითელს, ხუთშაბათს – მწვანეს, პარასკევს – ცისფერს, შაბათს – ლურჯს და კვირას – იასამნისფერს. ყველას უყვარდა ლამაზი გოგონა და ისიც ბედნიერად ცხოვრობდა.
ერთ დღეს ლამაზ გოგონასთან უფერული ქვეყნიდან ჯოხზე დაყრდნობილი მოხუცი კაცი მივიდა. მისი ქვეყანა უფერული იმიტომ იყო, რომ ბოროტი ჯადოქარი მის ქვეყანაში თურმე ფერებს ისრუტავდა და ერთ დღესაც კი ყველა ფერი წაართვა ქვეყანას.
მოხუცის მოსვლის მიზეზი შვილიშვილის ავად გახდომა იყო, მისი გამოჯანმრთელება მხოლოდ ფერადი რამის დანახვას შეეძლო. ლამაზმა გოგონამ ფერადი ქსოვილების წაღება ურჩია, თუმცა მოხუცის ქვეყანაში რაც მოხვდებოდა ყველაფერს ფერი ეკარგებოდა. მხოლოდ ერთი გზა იყო, უნდა ეპოვნათ ცის გამჭვირვალე მდინარე, რომელიც ცაში მირაკრაკებდა. მასში გოგონას თავისი მრავალფერადი თმები უნდა დაესველებინა. მდინარე გაფერადდებოდა და უფერული ქვეყნის თავზე რომ გადაივლიდა, მოხუცის შვილიშვილი მას დაინახავდა. მდინარე იმ მთიდან გადმოედინებოდა, რომლის წვერიც ცას წვდებოდა.
გოგონა უშედეგოდ ეძებდა ცას აწვდენილ მთას. ბოლოს იპოვეს ერთი ქუდიანი ბიჭი, რომელიც ირწმუნებოდა რომ იცოდა სად იყო ეს მთა. გოგონა და ბიჭი გზას გაუდგნენ. ბევრი იარეს თუ ცოტა, დაინახეს მთა, რომლის წვერიც ცას წვდებოდა. მთის წვერზე აცოცდნენ. გოგონამ გამჭვირვალე მდინარე დაინახა, მის ნაპირას ბალახზე დაწვა და ყვავილებიანი თმები წყალში ჩაჰყო. მდინარე ყველა ყვავილის ფერი გახდა და შვიდფერი მდინარე მხიარულად წარაკრაკდა ზეცაში. უფერული ქვეყნის თავზე რომ გადაიარა, მოხუცი კაცის შვილიშვილმა თვალი მოჰკრა მას.
–ბაბუ, ნახე ჩვენს ცას რა ლამაზი სარტყელი უკეთია, –დაიძახა მან და ლოგინიდან წამოხტა. გახარებული მოხუცი კაცი შვილიშვილს ჩაეხუტა. მთის წვერზე კი, სადაც ქუდიანი ბიჭი და ლამაზი გოგონა იყვნენ, დაღამდა. ბიჭი აქ ცხოვრობდა და ფერების მტერ ბოროტ ჯადოქარს ებრძვოდა.
ბიჭმა ქუდი მოიძრო. მის თმაში უამრავი ვარსკვლავი ციმციმებდა. როდესაც ღამდება, ის ამ ვარსკვლავებს ცაში აბნევს. თუ მათ დანახვაზე ერთი ადამიანი მაინც გაიღიმებს, ბოროტი ჯადოქარი ფერების წართმევას ვეღარ შეძლებს.
ბიჭმა ლამაზ გოგონას დარჩენა შესთავაზა. გოგონა დათანხმდა და მთის წვერზე დარჩა საცხოვრებლად. მას შემდეგ, როდესაც რომელიმე უფერულ ქვეყანაში ბავშვი ავად ხდება, ლამაზი გოგონა ყვავილებიან თმებს ცის მდინარეში ასველებს და მხიარული შვიდფერი მდინარეც იმ უფერული ქვეყნისკენ მირაკრაკებს.
...ზარი დაირეკა. მერხებიდან საკონტროლოსრვეულებიავკრიბეთ, მასწავლებელმა მათი სწორადდალაგებაგადაწყვიტა, ცოტართულადმოეჩვენადაპირდაპირჩანთაშიჩაყარა. იმ დღეს საკონტროლო წერა გვქონდა ფიზიკაში, თუმცა ჩვენ ცისარტყელის ქცევას და ფერებს ვაკონტროლებდით, ჩემთვის კი ის მელოდიად ჟღერდა.
წვიმის შემდეგ ქალაქი ჯერ კიდევ გრილი იყო და შესვენებაზე სკოლის ეზოში გავიქეცით.
ავტორი: edumeter.ge - მამუკა კვინიკაძე
იყავი ინფორმირებული!