* მიმდინარეობს საიტის ეტაპობრივი განახლება!  
ვაზისეული - სოფელი ხემაღალი
    0    

ალიო ადამიას მოთხრობა "ვაზისეული" 1952 წელს გამოქვეყნდა კრებულში "დილა მტკვრის ხეობაში". ეს მოთხრობა უდავოდ მნიშვნელოვანი წყაროა სოფელ ხემაღლის 1932-1948 წლების ისტორიის გასაგებად. მოთხრობა დეტალურად აღწერს სოფლის ცხოვრებას, მოსახლეობის აქტიურ მონაწილეობას სოფლის ზეგანზე ვაზის გაშენებაში. ეს უკანასკნელი ფაქტი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგან ვაზი და მეღვინეობა ქართული კულტურისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია.

ამონარიდები მოთხრობიდან:

მთაგორიანი სოფელია ხემაღალი.

ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მაღალი მთებია აღმართული, ამ მთებში პატარა მდინარეებიც მიმქუხარებენ და მოუსვენარ მდინარეებზე წისქვილები აქვთ გამართული გლეხებს.

ასეთი ტანმსხვილი და მაღალი ცაცხვის ხეები იშვიათად შეგხვდებათ სხვაგან. მეტად თავისებური და ლაღი ბუნებაა ამ ზეგანზე.

დინჯად ადგა დედაკაცი, სუფრის გაშლას შეუდგა და მაგიდა ისეთ ადგილზე დადგა, რომ მის მიერ მოტანილი ჩხა უფრო გამოჩენილიყო.

-აა, როგორია, ბატონო, წელს თქვენი ვენახი? - გამომწვევად შეეკითხა ცოლი და ღიმმორეულმა ჩხაზე მიუთითა.

უყვართ ოჯახში ვაზის გამო ბაასი და ეს ბუნებრივიცაა, - ხემაღლელი გლეხკაცის ოჯახი უპირველესად ვაზზეა დაფუძნებული:

ვაზი ოდას აშენებს.

ელსადგურს აგებს მდინარეზე.

სკოლისთვის შენობებს აშენებს და გზები გაჰყავს, წიგნს, რვეულს, საწერ-კალამს ყიდულობს მოსწავლეთათვის, ახალ სახლებს უშენებს ..., წყალსადენი გაჰყავს სოფელში.

ეს ოჯახიც ვაზმა ააღორძინა. ვაზმა ააგო ეს ლამაზი ოდა სახლი. სერიდან გადახედავ სოფელს - ვენახია ყველგან, მწვანე ვაზნარითაა მთელი სოფელი შემოფარჩული და ვაზნარს სამკაულივით ამკობენ ლამაზი ოდასახლები.

ამ კუზიან ვაზს ისეთი მძლავრი მხრები აქვს, რომ დედაბოძად შედგომია აქაურ ოჯახებს!

...

როდის-როდის მიაღწია მატარებელმა სოფელ ლაშეს ბაქნამდე. ღამე იყო და წვიმდა.

ჩქარის ნაბიჯით აჰყვა აღმართზე აკიდებულ ბილიკს ყმაწვილკაცი. როცა მშობლიურ მიწა-წყალს დაადგა ფეხი და ხემაღალის ჰაერი შეისუნთქა - ამ ბნელშიც რაღაც ნათელი ჩაესახა გულში და იმედმოცემული გაჰქანდა შინისკენ.

1932 წელი.

ხუთი წელია ასეთი ლამაზი და მხიარული გაზაფხული არ უნახავს ალექსანდრე კვინიკაძეს. არა, ხემაღალისთანა ლამაზი სოფელი არსად შეხვედრია, არსად უსუნთქავს ასეთი სუფთა ჰაერი, არსად უნახავს ასე მწვანეთი შემოსილი სერები და გორაკები...

თბილი საღამო იყო. აპრილის თვეში იშვიათია ასეთი საღამო ხემაღალში, რაც არ უნდა მცხუნვარე იყოს დღე, მზეგადახრილზე მთებიდან ნიავი გამოიქროლებს და აცივდება, დღეს კი - უჩვეულო თბილი საღამო იყო, არ ქროდა ნიავი, არ ირხეოდა ალვის ხეთა კენწეროები, არ შრიალებდნენ გაფოთლილი ტოტები. 

...

სტოვებდა ხემაღლის ლამაზ ზეგნებსა და მუდამ ანკარა ხერგიანს. ...

დაბლა მდინარე ჩხერიმელა მიჩხრიალებდა, სუფთა, დაწმენდილი, კალმახმრავალი და ცივი.

ზურაბმა ხურჯინის ცალი პირი მოხსნა, ლოყაწითელი ვაშლი ამოიღო და შვილს გაუწოდა, თვითონ გაზეთის ნახევში გაახვია თუთუნი და წამოდგა. უკვე საღამო იყო მოტანებული, ეშინოდა თბილისისკენ მიმავალ მატარებელს არ გაესწრო.

1937 წელი.

...წელს სასკოლო შენობის აშენებას ვიწყებთ, მდინარე ხერგიანზე ელსადგური უნდა ავაგოთ, მთავარი გზიდან მთავარი გზატკეცილი გამოგვყავს სასოფლო საბჭომდე, ეს იოლი საქმე როდია...

სკოლის შენობის კედლები უკვე ამოეყვანათ ოსტატებს, მოზიდული აქვთ სახურავის მასალა. წელს ხემაღლის სკოლაში ივლიან ხემაღლელი მოსწავლენი.

საგუბარი გაუმზადეს ყარნაბას. ახლა თბილისშია გულასპირი და ივანე კვინიკაძე, მალე ჩამოიტანენ ელსადგურისათვის საჭირო მოწყობილობას და ელექტრონათურები წელსვე აბრწყინდებიან ხემაღალში.



ავტორი: edumeter.ge - მამუკა კვინიკაძე

კომენტარში უნდა იყოს მინიმუმ 15 სიმბოლო! კომენტარები გაივლის მოდერაციას.
reload, if the code cannot be seen
კომენტარი ჯერ არ არის. შენ შეგიძლია იყო პირველი!