17 წელი აგვისტოს ომიდან

აგვისტოს თვე იყო, როცა ბავშვობის ეზოებს ტყვიის გემო შეერია.
ბოლო ღიმილში დარჩა ყველაფერი — მეგობრობაც, ძმობაც და ნაძალადევად ჩასუნთქული იმედი.
გზაზე მიმავალი მთვარის შუქზე ლანდივით გამოჩნდებოდა, ხოლო როცა ღრუბელი დასჯაბნიდა ღამის გუშაგს, გზად მხოლოდ ფეხის ხმა ისმოდა. უცნობი მძიმე ნაბიჯებით მიდიოდა და იქვე მდგარ სახლს უახლოვდებოდა, რომლის სარკმელშიც სინათლე ენთო. სახლიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. მხოლოდ ოთახში ადამიანი მძიმედ სუნთქავდა. საწოლზე დედაკაცი იწვა, რომელსაც ალბათ ჩასთვლემია რაღაცის მოლოდინში. ნახევრადმჯდომარეს ცალი ფეხი იატაკზე ედგა და ერთი ხელი ზედ მუხლზე დაედო, თითქოს ადგომას და სადღაც წასვლას აპირებდა. თმაში ჭაღარა შეპარვოდა, მაგრამ დედაკაცის სახეს თავისებურად ალამაზებდა. სახის ნაოჭები რაღაც ნაღველს, სევდას თუ დარდს გამოსცემდა, რომელიც პატარა ხმაურზეც კი შეირხეოდა და სიხარულის ნაპერწკალი ეუფლებოდა.
-მოდის! მოდის! –წამოიძახა დედაკაცმა და ცოტა ხანს იყუჩა.
ალბათ ყური დაუგდო, რომ ისევ წამოიძახა: -მოდის! მოდის! ის არის.
ადგა ისევ მიაყურადა. ცოტა შეცბა. შიში დაეუფლა. რაღაც არ ესიამოვნა. ფეხის ხმა უკვე აშკარად ისმოდა.
-მოდის! მოდის! მაგრამ... -სიზმარი გაახსენდა.
ტრიალი მინდორი. შვილი მეგობრებთან ერთად წინ მიდის. სულ ხუთიოდე ჯარისკაცი ოცჯერ მეტის წინააღმდეგ. მტრის რიგები საგრძნობლად თხელდება. აი თითქოს არავინ რჩება, მაგრამ ავტომატის ჯერი და შვილის ხმა.
გაეღვიძა...
_მოკვდა?! არა! არა, დაიჭრა_ იიმედებდა თავს და დანაშაულის გრძნობა ტანჯავდა, რომ სიზმრის შეეშინდა და ბოლომდე ვერ მიადევნა თვალი შვილს. და ვითომ გაგრძელდებაო თვალებს დახუჭავდა, მაგრამ ამაოდ. გაახსენდა სიზმარი და ესღა გაიფიქრა: -ჩემი შვილია, სიკვდილის შემდეგ ჩემს მოსანახულებლად აჩრდილად მოვიდაო, რომ კარი გაიღო და უცნობი შემოვიდა.
მზე ჯერ ამოსული არ იყო, რომ დედაკაცი და უცნობი უკვე ქუჩაში მიდიოდნენ. მიდიოდნენ და ათვალიერებდნენ აღელვებულ ქალაქს. თვითონაც ღელავდა დედაკაცი. ფიქრობდა რა ძნელი ყოფილა ლოდინი საყვარელი ადამიანის. რამდენი ღამე გაათენა. მაგრამ ეს უკვე აღარ ადარდებდა, სიხარულის გრძნობა დაუფლებოდა, რომ შვილს მალე ნახავდა.
საავადმყოფოს დერეფანში ტევა არ იყო. ყველა გარბოდა და გამორბოდა. მხოლოდ ორი ადამიანი კუთხეში საუბრობდა. ერთს თეთრი ხალათი ეცვა, მეორე კი თმაში შეპარული ჭაღარა დედაკაცი იყო.
პალატაში შესვლისთანავე შვილის ხმა გაიგონა.
-დეე! როგორ გამიხარდა. –წამიერი სიჩუმის შემდეგ. –ეგ რა მოგსვლია?! თმაში ჭაღარა შეგპარვია დედა.
-შენ როგორა ხარ შვილო. –კარებშივე უპასუხა და შვილისაკენ გაემართა. მივიდა, თავზე ხელი გადაუსვა, მოესიყვარულა და რაღაც განცდა დაეუფლა. ამდენი ხნის განმავლობაში, როცა ელოდა, ცრემლი არ გადმოუგდია, და ახლა უცებ აუცრემლდა თვალი.
-ტირი დედი?!
-არა შვილო. ახლა რაღა უნდა მატირებდეს ცოცხალს გხედავ.
-ვიცი მატყუებ. –ცოტა ხნის დუმილის შემდეგ აღარ ჩააცივდა და ჰკითხა: -რას ამბობს დედი ექიმი?
-ფეხზე აქვს ჭრილობებიო.
-ფეხზე როდის დადგებაო ექიმმა?
-ლოდინია საჭირო ჭრილობის მოსაშუშებლადო.
დაჭრილი შეიშმუშნა. ალბათ ჭრილობამ თუ შეახსენა თავი. თვალები დახუჭა და ასე რამოდენიმე ხანს დაჰყო. შემდეგ დედას შეხედა და იკითხა:
-ჩემი ამბავი ვინ გითხრა?
-პოლიციელი იყო მოსული.
-სხვამ არავინ იცის?
-კი ყველამ იცის შვილო.
-არა, ყველამ არა. ვინმემ თუ მიკითხა უცხომ? –შეეკითხა და პასუხს დაელოდა.
-იყო ვიღაც გოგო, ყოველდღე მოდიოდა და გკითხულობდა. ნინო მქვიაო, ასე მითხრა.
-ხო ვიცნობ დედი. ალბათ დღესაც მოვა და უთხარი ჩემი ამბავი. კარგად ვიცნობ და გკითხავს თავის ძმაზე ამბავს. ნუ ეტყვი ჯერ, მძიმეთაა დაჭრილი. მე და ის ერთად გადმოგვიყვანეს აქ. ჯერჯერობით უთხარი დაჭრილიაო და სად წევს არ ვიცითქო.
-კარგი შვილო, მაგრამ ჯობია სიმართლე მთლად იცოდეს.
-იცოდეს? –დაფიქრდა, ოთახს თვალი მოავლო და ერთ ადგილას მიაშტერდა. დედამაც იქით გაიხედა. პალატაში მეორე სწოლი იდგა, რომელზეც თვალებ დახუჭული ჯარისკაცი იწვა და მძიმედ სუნთქავდა.
-იცოდეს? მალე კარგად გაიცნობ და იცოდეს, რომ მისი ძმა ნამდვილი ჯარისკაცია და ორიდან ერთს ელის; სიკვდილს ან სიცოცხლეს.
ქუჩაში ვიღაც გარბოდა, თითქოს ვინმე მისდევსო. გაჩერდა. ამომავალ მზეს შეხედა. დასავლეთისკენ მიმავალს ჩრდილოეთიდან შავი ღრუბელი ემუქრებოდა. უცქერიდა და სახე ხანდახან გაუბრწყინდებოდა. წამით დაფიქრდა. გზიდან გადაუხვია, იქვე მოსახლეს რაღაც კითხა და წაბლისფერი თმა ააღელვა.
სირბილით აირბინა საავადმყოფოს კიბეები და პალატის კარი შეაღო. კარებში ნაცნობი დედაკაცი შეეჩეხა.
-გამარჯობათ ქალბატონო დარეჯან. როგორ არის?
დედაკაცი ცოტა ხანს შეყოვნდა და მოკლედ უპასუხა:
-კარგად.
-როგორ ხარ გიორ... –ვეღარ დაამთავრა სიტყვა. ხმას ვერ იღებდა. ერთდროულად უნდოდა ტირილი, ჩახუტება... თითქოს პალატაში დრო გაჩერდა.
-ძმაო – მხოლოდ ეს თქვა., მეტი ვერ მოახერხა. ხმამ შეარხია პალატის სიმშვიდე. ნინოს ცრემლებმა არ დააყოვნეს.
დარეჯანმა ფრთხილად დახურა კარი. იქ აღარ იყო საჭირო.
დათომ თავი ოდნავ ასწია და გაიღიმა. იმ ღიმილში ძველი ეზო იყო — ფეხბურთი და ომობანას ყვირილი, მეზობლის ალუჩის მოპარვა... და უცებ, იმავე ღიმილში რაღაც ჩამქრალი გაკრთა.
ჩუმად იყო ნინო. ცრემლი ლოყაზე ჩამოუგორდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. მხოლოდ დათოს უკვე სუსტ ხელში მოაქცია თავისი თითები, მჭიდროდ მოჰკიდა მეორე ხელი, როგორც წარსულს ეჭიდებიან ხოლმე ადამიანები. ჩამწყვდეულმა ნინოს ხელმა სითბო და სიმტკიცე დაუბრუნა დათოს. ამ სითბომ თითქოს უკან დააბრუნა რაღაც – მეხსიერება, ძალა, კავშირი და ძალა მოიკრიბა და თითები განძრია.
– ნინ... – ძლივს თქვა დათომ.
ამ სიტყვებით, დათომ თავისი ბრძოლა მოიგო.
იყავი ინფორმირებული!