* მიმდინარეობს საიტის ეტაპობრივი განახლება!  
მათემატიკა და ახალი თაობა - როგორ დავაინტერესოთ მოსწავლეები

ბავშვობის მოგონებებს ხშირად არა დიდი მოვლენები, არამედ უბრალო საგნები აცოცხლებენ. ჩემთვის ეს კენჭებია – პატარა ქვები, რომლებითაც გოგი ბაბუ თამაშ-თამაშით მასწავლიდა ფიქრს, მოთმინებას, სტრატეგიას, ლოგიკურ აზროვნებას, მათემატიკას...

გოგი ბაბუ თითქოს უბრალო გასართობს მოიგონებდა. უნდა აგვეღო ერთი, ორი ან სამი კენჭი გროვიდან, ხოლო ბოლო კენჭის აღება წაგებას ნიშნავდა. ეს არ იყო მხოლოდ თამაში, ეს იყო ცოცხალი გამოცანა, რომელიც მაიძულებდა გამეთვალა ყოველი სვლა. თითოეული კენჭის აღება მაფიქრებინებდა შედეგზე და მაჩვენებდა, რომ ფიქრი და გათვლა ყველაფერში მთავარია. მისი თვალები მუდამ ეშმაკურად ციმციმებდა, როცა წააგებდა, ზუსტად მივხვდი შემდგომ, რომ ამ თამაშში მხოლოდ ჩემი მოგების სიხარული უხაროდა.

ბაბუასთან ერთად ხშირად ვთამაშობდი კიდევ ერთ უძველეს ქართულ თამაშს – „ჯრაქვაობას“, რომელიც განსაკუთრებით თუშეთშია გავრცელებული. ბრტყელ ქვაზე ან მიწაზე მარტივ სქემას ქვით ან ჯოხით ამოკაწრავდა, თანაბარი რაოდენობის სხვადასხვა ფერის კენჭებით ვიწყებდით და გამარჯვებული ის იყო, ვინც პირველი მიიყვანდა საკუთარ კენჭებს მოწინააღმდეგის საწყის პოზიციებზე. თითო სვლაზე მხოლოდ ერთი კენჭის გადაადგილება იყო ნებადართული, უკან სვლა კი აკრძალული იყო.

ერთი შეხედვით ეს უბრალო გასართობი, მაგრამ სინამდვილეში – სტრატეგიული აზროვნებისა და ლოგიკური აზროვნების სკოლაა. ამ თამაშებით გოგი ბაბუ მაძლევდა ყველაზე დიდ გაკვეთილს: მიღვიძებდა ინტერესს, მეფიქრა განსხვავებულად. შემდგომ მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა მათემატიკასთან — არა როგორც მშრალ საგანთან, არამედ როგორც ცოცხალ, თამაშივით საინტერესო პროცესთან.

დღეს, როცა ბავშვების მთავარი გასართობი ხშირად კომპიუტერული თამაშია, აუცილებელია გავიხსენოთ მსგავსი ტრადიციები. თამაშით მიღებული ცოდნა უფრო ღრმად რჩება გონებაში და მათემატიკის სიყვარული სწორედ ასეთი აღმოჩენით იწყება. „ჯრაქვაობა“ არის არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობა, არამედ ინტელექტუალური სავარჯიშოც, რომელიც ბავშვის გონებას წვრთნის, აჩვევს ფიქრს და აჩვენებს აზროვნების სილამაზეს.

მათემატიკა, საბოლოოდ, მხოლოდ ფორმულები კი არაა — ეს არის აზროვნების გზა, რომელიც გაძლევს ძალას, რომ საკუთარი მომავალი თვითონ შექმნა. და თუ ბავშვებს ვაჩვენებთ, რომ მათემატიკა შეიძლება ისეთივე სასიამოვნო იყოს, როგორც ბაბუ გოგისთან ერთად კენჭებით თამაში, ისინი მას სხვაგვარად დაინახავენ.

მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებმა გამოიყენონ ინოვაციური მიდგომები. ეს გულისხმობს პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას, როდესაც მოსწავლეები მუშაობენ რეალურ პრობლემებზე და იყენებენ მათემატიკას გადაწყვეტილებების მოსაძებნად. მაგალითად, მათ შეუძლიათ გამოთვალონ სკოლის ეზოს ფართობი, დაგეგმონ ბაღის მოწყობა, ან შექმნან რობოტი, რომელიც მათემატიკური ალგორითმების საფუძველზე მოძრაობს. ინტეგრირებული გაკვეთილები კი ხიდს აგებს სხვადასხვა საგანს შორის. როდესაც მათემატიკა ინტეგრირებულია ხელოვნებასთან, მუსიკასთან, ისტორიასთან ან ბიოლოგიასთან, მოსწავლეები ხედავენ მათ შორის არსებულ კავშირებს და უღრმავდებათ ცოდნა. მაგალითად, სიმეტრიის შესწავლა ხელოვნებაში, პროპორციების გაგება არქიტექტურაში, ან გენეტიკის ამოცანების ამოხსნა მათემატიკური სტატისტიკის გამოყენებით.

ტექსტში მოცემული კენჭებით თამაშები სრული აღწერით ნახეთ შემდეგი ბმულებით: 

„ჯრაქვაობა“ — ქართული უძველესი თამაში თუშეთიდან

ეთამაშე გოგის



ავტორი: www.edumeter.ge - მამუკა კვინიკაძე

კომენტარში უნდა იყოს მინიმუმ 15 სიმბოლო! კომენტარები გაივლის მოდერაციას.
reload, if the code cannot be seen
კომენტარი ჯერ არ არის. შენ შეგიძლია იყო პირველი!