* საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!  
უკანასკნელი უბიხი
    0    

ბაგრატ შინკუბა  აფხაზური მხატვრული ლიტერატურის კლასიკოსია. მისი პოეტური და პროზაული ნაწარმოებები ასახავს აფხაზი ხალხის ისტორიულ და თანამედროვე მისწრაფებებს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მისი რომანი ეპოპეა „უკანასკნელი უბიხი“, რომელიც მე 19 საუკუნის შუა წლებში აფხაზეთსა და სხვა მონათესავე კავკასიელი ხალხების ტრაგედიას - ე. წ. მუჰაჯირობას ასახავს. "უკანასკნელი უბიხი" ეს არის ისტორია ერისა, რომელიც რუსული იმპერიის სისასტიკეს ემსხვერპლა და საბოლოოდ განადგურდა!

რომანში, „უკანასკნელი უბიხი“, არის ასეთი ეპიზოდი:

-ტყუილად ამბობენ, ჩემო ძვირფასო შარახ, რომ ადამიანს ენის დავიწყება შეუძლია, იმ ენისა, ძუძუსთან ერთად რომ შეუწოვია. არა, არ შეუძლია, ისევე, როგროც მე არ შემიძლია დედაჩემის დავიწყება. სამი ენა ვიცოდი ახალგაზრდობაში, ისე თუ დადგები, რომ ზღვას უყურებდე, ჩვენგან - უბიხებისგან მარჯვნივ ადიღეელები ცხოვრობენ, მარცხნივ კი - აფხაზები. ჰოდა, აფხაზურის გარდა ადიღეურიც ვიცი, მართალია, ცოტა ნაკლებად, მაგრამ მაინც ვიცი. ჩვენ ისეთი ახლო მეზობლები ვიყავით, რომ არ შეიძლებოდა ერთმანეთის ენები არ გვცოდნოდა. უბიხური ჩემი დედაენაა, ყველგან და ყოველთვის მესმოდა დაბადებიდანვე, შინ და გარეთ და აბა როგორ შემეძლო მისი დავიწყება? აფხაზური დედაჩემისგან ვიცოდი, ადიღეური კი ბებიამ იცოდა კარგად. ის მიყვებოდა ადიღეურ ზღაპრებს, ენის გასატეხებს, გამოცანებს. მახსოვს: წისქვილში მიდის ბებია და თავზე ხორბლით გატენილი გუდა ადევს, ენასაც არ აცდენს ბებია უსაქმოდ: ადიღეურ ზღაპრებსა და მოსწრებულ სიტყვა-პასუხებს მიყვება. ერთი ზღაპარი დამახსომდა. ჩვენი მეხსიერება საწურივით არის - ნაწილი გადის, ნაწილი შიგ რჩება. ეს ადიღეური ზღაპარიც ჩარჩა ხსოვნაში და გიამბობთ: 
„ოდესღაც ერთი კაცი ცხოვრობდა. ყველა ენა იცოდა: მგლისა, კურდღლისა თუ ჭიანჭველისა. ერთხელ ტყეში მიდიოდა და უნებლიეთ ჭიანჭველას დააბიჯა ფეხი. 
გაბრაზებულმა ჭიანჭველამ შესძახა: -ვინ არის ეს უკეთური, რომ მიდის და ძირს არ იხედება? 
ეს რომ გაიგონა კაცმა, ჭიანჭველა ხელისგულზე დაისვა და გაოცებული ათვალიერებდა.

-ეს რა დიდი თავი გაქვს?

-ეს იმიტომ, რომ ტვინი შევინახო შიგ.

-ასეთი წვრილი წელი რატომღა გაქვს?  

-იმიტომ კი არ ვცხოვრობ, რომ ვჭამო, იმიტომ ვჭამ, რომ ვიცხოვრო.  

-რამდენის ჭამა შეგიძლია ერთ წელიწადში?  

-ერთ წელიწადს ხორბლის ერთი მარცვალი მეყოფა, -უპასუხა ჭიანჭველამ.

-მაშ კარგი, ვნახოთ გეყოფა თუ არა ერთ წელიწადს ხორბლის ერთი მარცვალი, -უთხრა კაცმა. ჩასვა ჭიანჭველა ყუთში და ხორბლის მარცვალი ჩაუგდო შიგ. 
გავიდა ერთი წელი. გაახსენდა კაცს ჭიანჭველა, გახსნა ყუთი და გაოცდა, ჭიანჭველას მხოლოდ მარცვლის ნახევარი შეეჭამა.

-ნახევარ მარცვალზე მეტი რატომ არ შეგიჭამია?

-იქნებ იმ სულელ კაცს, ვინც ტყუილუბრალოდ გამომამწყვდია დილეგში, ერთი კი არა, ორი წლის შემდეგ გავხსენებოდი. ჰოდა, მეც ყოველი შემთხვევისთვის შემოვინახე ეს ნახევარი მარცვალი, - უთხრა ჭიანჭველამ“. 

ალბათ იმიტომ მახსოვს ეს ზღაპარი ასე კარგად, რომ ჩემი ცხოვრების გზაზე ხშირად ვიხსენებდი იმ პატარა ჭიანჭველას. მართალია, მე ჭკუას კი არა, ღონესა და ამტანობას გამოვყავდი გაჭირვებიდან. ისეთი ჭკუა რომ მქონოდა, როგორც ღონე, სულ სხვანაირად აეწყობოდა ჩემი ცხოვრება. 

გადმოწერეთ წიგნი: "უკანასკნელი უბიხი" ქართულად

კომენტარში უნდა იყოს მინიმუმ 15 სიმბოლო! კომენტარები გაივლის მოდერაციას.
reload, if the code cannot be seen
კომენტარი ჯერ არ არის. შენ შეგიძლია იყო პირველი!