ქართველი ქალის სიტურფე

,,ქართველი ქალები ტანმაღალნი და მშვენიერი მოყვანილობისანი არიან, ცხენოსნობაც იციან, სანადიროდ მიმინო დაჰყავთ ხელით და ტან დააქვთ მშვილდ-ისარი და კაპარჭი". სწერდა მისიონერი პავლე მარია ფაიანცელი, რომელმაც 1621 წელს ნეაპოლში გამოსცა თავისი წიგნი საქართველოს შესახებ. ერთი პატარა, მაგრამ შესანიშნავი წიგნაკი დაიბეჭდა სათაურით: „გულწრფელი მოხსენება: საქართველოს სამეფოების შესახებ, პატრი პავლე მარია ფაიანცელი დომინიკიანის მიერ“. იმ რამდენიმე ფურცლიან წიგნაკში ჩამოთვლილია საქართველოს ოთხი სამეფო, სხვადასხვა გზა ევროპიდან საქართველოში შემოსასვლელი და საუბარი ქართველებთან. ამ ნაშრომში აღწერილია ჩვენს ქვეყანაში ყოფნის დროს მიღებული შთაბეჭდილებები, ხალხის ზნე-ჩვეულებები და ცხოვრების წესები. ცნობისმოყვარე ევროპელს ქართველი ლამაზი ქალები არ გამოპარვია და მათთვის ზემოთ მოყვანილი სტრიქონები უძღვნია.
მე-17-18 საუკუნის სხვა მოგზაურთა და მისიონერთა წერილებში, ევროპელები (დონ კრისტოფო დე კასტელი, პიეტრო დელლა ვალე, პავლე მარია ფაიანცელი, არქანჯელო ლამბერტი, შარდენი, იოსებ დელაპორტი და სხვები), უჩვეულო ხოტბას ასხამენ "მშვენიერთა სავანეს" - საქართველოს, ყველანი იზიარებენ აზრს, რომ ქართველი ქალების უმეტესი ნაწილისათვის ბუნებას მიუნიჭებია ის სიტურფე, რომელიც სხვაგან არსად იპოვება.
დონ კრისტოფო დე კასტელი 31 წლის იყო, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა და 57 წლისამ დატოვა ჩვენი ქვეყანა. საქართველოში ყოფნის დროს მან შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი ჩანახატები, რომლითაც კარგად აღვიდგენთ მე-17 საუკუნის პირველი ნახევარის ცხოვრებას. მან თავისი 26-წლიანი შრომა დაამთავრა სიტყვებით: "მრავალი წლის განმავლობაში საქართველო ჩემი სატრფო იყო".
წყარო: ფოტოზე მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის ქართველი ქალები. დონ კრისტოფო დე კასტელის ნახატი.
იყავი ინფორმირებული!