მე, მათემატიკით დიდად დაინტერესებული და მის ვიწრო და ლამაზ ბილიკებზე მოსიარულე, ვამბობ - ყველგან და ყოველთვის მათემატიკა!
ხმამაღალი ნათქვამია და არაა მისაღები? მაშინ მივყვეთ და დავინახოთ ის ყველგან და ყოველთვის.
პირველი კითხვა თავისთავად იქნება ის - თუ რატომ მათემატიკა?
ძალზედ მარტივი და ცხოვრებისეული კითხვაა და გახსენდებათ სკოლის სხვა საგნებიც და ფიქრობთ, რატომ ისინი არა? ან ვინ არის ეს ეგოისტი მათემატიკის მოყვარული, რომ მოგვიწოდებს მის ყველგან და ყოველთვის გამოყენებისაკენ?
როგორც ხედავთ, პირველმა თავისთავადმა კითხვამ ბევრი ქვეკითხვა წარმოშვა. რატომ, როგორ, რისთვის . . . ?
ყველაფრის უკეთ ახსნისათვის თვით ეგრეთ წოდებული მათემატიკა ავხსნათ რას წარმოადგენს.
მათემატიკა თქვენი გაგებით, იმ სკოლის წიგნთან ასოცირდება, რომელიც გადასაშლელია და დავალებაა დასაწერი, რადგან მეორე დღეს ორიანს გადარჩეთ?
მაგრამ მათემატიკა სინამდვილეში სულ სხვა რამეა. ის თვით ცხოვრებამ და აზროვნების განვითარებამ მოიტანა. იგი არა დასასჯელი საშუალება, არამედ სიკეთის მომტანია ყოველთვის.
საუბარი მიგრძელდება, მაგრამ არც მინდა მოკლედ ვთქვა, რომ ტერმინი მათემატიკა ბერძნული წარმოშობისაა, μάθημα (máthema) „მეცნიერებას, ცოდნას, სწავლას" ნიშნავს, ხოლო μαθηματικός (mathematikós) – „სწავლის მოყვარულს".
გაიგეთ მოკლე განმარტებით?
მათემატიკა ცოდნის სწავლას და მათემატიკოსი სწავლის მოყვარულს ნიშნავსო.
ღიმილის მომგვრელია, როგორც უბრალოდ ტექსტის შემხედავისთვის, ისე მისი შინაარსის შემცნობელისთვის (თვითკმაყოფილების გამოწვევის გამო).
- სასურველია?
- არა.
-სჯობს?
-არა.
უბრალოდ აუცილებელია დაანახოთ მათემატიკის მცოდნე ხალხმა (და არა მარტო ამ საგნის მცოდნეებმა), მათემატიკის არმცოდნე და მის შესასწავლად გამზადებულ პატარა ხალხს, რომ მათემატიკა ცხოვრების თანამგზავრია, როგორც მთვარე დედამიწის. და როგორც ბუნებრივი სილამაზე კანონზომიერებისა, მთვარისა და მზის დაბნელება, ისე ბევრი კანონზომიერი შედეგი და კვალი ამჩნევია მათემატიკით საუკუნეებს, პერიოდებს, ქვეყნებს, ქალაქებს, ადამიანებს.
მათემატიკა არასდროს ყოფილა ციფრების, რიცხვების, X, Y, Z . . . ცვლადებისა და აღნიშვნების გროვა, რაიმეს ან რაიმეების დასათვლელად.
ყოველ ციფრს, რიცხვს, ცვლადსა თუ აღნიშვნის მიღმა აზრი იმალება, რომელიც საუკუნეების მანძილზეა მიგნებული. ნუ გავივლით მხოლოდ მათემატიკის ზედაპირზე, ნუ ვასწავლით მხოლოდ უნდა შეიკრიბოს, უნდა გამოაკლდეს, უნდა გაიყოს და უნდა გამრავლდეს. ჩაიხედეთ მათემატიკის არსში ღრმად და შეიცანით სამყარო.
არ გეგონოთ რომ მოგიწოდებდეთ, რომ ყველა მათემატიკოსი იყოს. არა. უბრალოდ შეიყვარეთ მათემატიკა. შეიძინეთ მისი უნარების მცირე ნაწილი და თქვენ დაინახავთ შედეგს გასაოცარს.
ასე მგონია, რაღაც პროდუქციას ვყიდდე და ვარეკლამებდე. დრომ მოიტანა და მათემატიკაც მოითხოვს გარეკლამებას, ყვირილს და ძახილს იმის შესახებ, თუ რა განძია.
ბევრი მინახავს არამათემატიკოსი, მაგრამ მათემატიკურად მოაზროვნე. ბევრი მინახავს მზარეული, მევენახე, მეწარმე, ჟურნალისტი . . . თავისი გამორჩეული მიგნებები რომ აქვთ, ფლობენ საკუთარ ნოუ ჰაუს (იცოდე, როგორ) თავიანთ სფეროში. და აი სწორედ ამომწურავი ცოდნა რაიმეს შესახებ - რას რა ახასიათებს, რისგან რა გამოვა, რა შემთხვევები არსებობს, საწინააღმდეგო ფორმით ხედვა, კონტრმაგალითის ძებნა თუ სხვა კუთვნილება და არაკუთვნილების მაგალითები, მათემატიკურად, ანუ ლოგიკურად არის მისაღები და გადასაწყვეტი.
კიდევ ერთხელ, არ გეგონოთ, რომ ფორმულები უნდა წეროთ და იყვანოთ მოცულობითი მაგალითები. არა. მათემატიკა სწორი კითხვის დასმის, შემთხვევების წარმოჩენის, პასუხის მიღების, გზების ძიების და გადაწყვეტილების მიღების შესანიშნავი იარაღია.
შესაძლოა გასაგებად ვთქვი, ან უბრალოდ ბევრისთვის ისევ გაუგებარია, მაგრამ ერთია, მათემატიკასთან მისვლაა საჭირო.
ჩემზედ ამბობენ, ის ყველაფერს მათემატიკურად განიხილავსო და ამას ბევრი მიწონებს და მირჩევს, თავს მოაბეზრებ დანარჩენ ბევრსო. მაგრამ შესაძლებელია და აუცილებლად მიმაჩნია კარგის მიმზიდველი ფორმით და ძალდაუტანებელი მიწოდება. მეც ვაწვდი. მთავარია მოთხოვნა იყოს. მოთხოვნის ზრდაც ჩემზეა დამოკიდებული.