რუკაზე ფართობის განსაზღვრა

ადამიანებს ოდითგანვე აინტერესებდათ გაეგოთ, რას წარმოადგენდა სამყარო და რა საიდუმლოებებს მალავდა ის. დროთა მსვლელობაში იზრდებოდა ინტერესი გარე სამყაროს შესწავლისადმი, აგროვებდნენ ურიცხვ მასალებს, დაგროვების კვალდაკვალ კი საჭირო იყო მათი მოწესრიგება და ერთმანეთთან დაკავშირება.
ზოგადსაკაცობრიო პროგრესმა დასაბამი მისცა ამ ინფორმაციის გადმოცემის ისეთ ფორმას, რომელსაც რუკისმაგვარი გრაფიკული გამოსახულება წარმოადგენდა, მაგრამ მათი პირველადი სახე არ იყო რუკა, ბუნებრივია, არც „გეოგრაფიის“ ცნება არსებობდა.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 240 წელს ქალაქ კირენეში ძველი ბერძენი მეცნიერი, გეოგრაფიის ფუძემდებელი, ერატოსთენე დაიბადა. ერატოსთენემ, მოგვიანებით კი პტოლომემ, განავითარეს „გეოგრაფია“. ერატოსთენე მართლაცდა გეოგრაფიის ფუძემდებელია. სწორედ მან პირველმა დაამკვიდრა ტერმინი ”გეოგრაფია", პირველმა გაზომა დედამიწის მერიდიანის სიგრძე, ჩამოაყალიბა მათემატიკური გეოგრაფიის საფუძვლები;
XV საუკუნიდან ხმელთაშუა ზღვის ქალაქებში საზოგადოება თავისი პრაქტიკული და შემეცნებითი მოღვაწეობისთვის ღრმად იჭრებოდა სივრცით ურთიერთობათა სამყაროში და მეტ საშუალებებს ქმნიდა და აუმჯობესებდა სივრცის ასახვას. ყველა ეპოქის ხალხი ქმნიდა და ავითარებდა რუკის ენას ისე, რომ თვითონ ამას ვერც გრძნობდა. XVI საუკუნის ბოლოს შედგენილ ზოგადგეოგრაფიულ რუკებზე წარმატებით სრულდებოდა კარტოგრაფიული სამუშაოები, რომელთა დანიშრულებას ძირითადად, ცალკეული ქვეყნების სიგრძე-სიგანისა და მდინარეთა სიგრძეების განსაზღვრა წარმოადგენდა. თუ ადრე რელიეფი რუკებზე ნახატებით აისახებოდა, XVI საუკუნის ბოლოს იგი შტრიხებმა შეცვალა, კარტოგრაფიული სახვითი საშუალების ამ მეთოდით შედგენილი რუკა ადამიანს შედარებით უკეთ წარმოდგენას უქმნიდა ზედაპირის შესახებ.
რუკებზე ფართობის განსაზღვრის ისტორია ორ პერიოდად შეიძლება დავყოთ:
1. პლანიმეტრის გამოგონებამდე და 2. პლანიმეტრის გამოგონების შემდგომი პერიოდი.
XVII საუკუნის პირველ ნახევარში ქვეყნის სიდიდის ხაზობრივ ზომებში გამოსახვის სისწორე ეჭვის ქვეშ დადგა. ცალკეულ ქვეყნებში სახელმწიფოთა სიდიდის ხაზობრივ ზომებზე უარი თქვეს და დაიწყეს მათი ფართობების გაზომვა. 1656 წელს ლონდონში გამოჩნდა შრომა, რომელშიც ქვეყნის ზომები ფართობებში იყო მოცემული. რიჩიოლი (Giovanni_Battista_Riccioli) (1661 წ) მოითხოვდა, რომ ქვეყნის სიდიდე უმჯობესია გამოისახოს ფართობით. მან ზოგიერთი ქვეყნის ფართობების გაზომვებისათვის გამოიყენა გეომეტრიული მეთოდი და იტალიის მაგალითზე აღწერა კიდეც. იტალიის ფართობის გაზომვისათვის მან მისი ტერიტორია რუკაზე შეცვალა სამკუთხედითა და პარალელოგრამით და ამ ფიგურების ფართობები გაზომა მათი ხაზობრივი ზომებით. ეს გაზომვები დაედო საფუძვლად ფართობის გაზომვის გეომეტრიულ მეთოდს.
ავტორი: www.edumeter.ge - მამუკა კვინიკაძე
იყავი ინფორმირებული!