გეომეტრიული თავსატეხი — ითამაშე, ისწავლე და განავითარე სივრცული აზროვნება
„გეომეტრიული თავსატეხი“ არის ინოვაციური, თანამედროვე საგანმანათლებლო თამაში, რომელშიც არის 2D და 3D ფიგურების ელემენტები. თამაშის მიზანი მარტივია: მოთამაშეები რიგრიგობით მონიშნავენ ორ წერტილს (წვეროს) შორის ხაზს (გვერდს ან წიბოს). ის, ვინც ბოლო ხაზს გაავლებს და შეკრავს ფორმას (კვადრატს ან წახნაგს), იღებს ქულას და დამატებითი სვლის უფლებას. იგებს ის, ვინც მეტ ფორმას დაისაკუთრებს.
თამაშში არის სამი რეჟიმი:
-
მე & შენ: ითამაშეთ მეგობართან ერთად ერთ მოწყობილობაზე.
-
მე & კომპ: გამოსცადეთ საკუთარი სტრატეგია და ლოგიკა კომპიუტერთან.
-
ეტაპები (თავგადასავალი): გაიარეთ სხვადასხვა სირთულის 2D და 3D ლაბირინთები და ამოხსენით უცნობი ფიგურები.
„გეომეტრიული თავსატეხი“ არ არის მხოლოდ გასართობი თამაში — ის არის ინტერაქტიული საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც სკოლის მოსწავლეებსა თუ მოზრდილებს ეხმარება გეომეტრიული კონცეფციების უკეთ აღქმასა და გააზრებაში. მშრალი, აბსტრაქტული ტერმინები აქ ვიზუალურ და ხელშესახებ გამოცდილებად იქცევა.
-
სივრცის აღქმა და 3D ხედვა: ტრადიციული ბრტყელი თამაშებისგან განსხვავებით, 3D რეჟიმში მოთამაშეს უწევს სამგანზომილებიანი ფიგურების (პრიზმა, პირამიდა, რთული ფორმები) დატრიალება, სხვადასხვა კუთხით დათვალიერება და სვლების სივრცეში დაგეგმვა. ეს მექანიკა საგრძნობლად ავითარებს სივრცით წარმოსახვას, რაც ფუნდამენტური უნარია მათემატიკის, არქიტექტურისა და ინჟინერიის შესასწავლად.
-
წვერო (წერტილი): თამაშში ნათლად ჩანს გეომეტრიული ფიგურის შემაერთებელი კვანძები — წვეროები.
-
წიბო (ხაზი): თამაშის მთავარი ტაქტიკური მოქმედება სწორედ წიბოების მონიშვნაა. მოთამაშეები პრაქტიკაში ხედავენ, თუ როგორ ქმნის ორი წვეროს შეერთებით მიღებული მონაკვეთი (წიბო) ფიგურის კარკასს.
-
წახნაგი (სიბრტყე): ქულის მოსაპოვებლად აუცილებელია ფიგურის სიბრტყის, ანუ წახნაგის შეკვრა. როდესაც მოთამაშე ყველა შემომსაზღვრელ წიბოს მონიშნავს, ფიგურის ეს ნაწილი გამჭვირვალე ფერით ივსება. ეს დაჯილდოების ვიზუალური ეფექტი მოთამაშეს ეხმარება მარტივად გაიაზროს განსხვავება ერთგანზომილებიან წიბოსა და ორგანზომილებიან წახნაგს შორის (რომლებიც ერთად ქმნიან 3D სხეულს).
- მათემატიკური და ლოგიკური მსჯელობა. თამაში თითქოს მარტივად იწყება. პირველად მოთამაშეები უბრალოდ ავლებენ ხაზებს, თუმცა თამაში საინტერესო ხდება მაშინ, როცა თავისუფალი სვლები აღარ არის. ერთ-ერთ მოთამაშეს უწევს გაავლოს ხაზი და მეტოქეს „აჩუქოს“ კვადრატი ან წახნაგი. სწორედ აქ იწყება ნამდვილი მათემატიკური და ლოგიკური მსჯელობა. გამოცდილი მოთამაშე ხვდება, რომ მთავარია არა ერთი ქულის აღება, არამედ ისეთი სტრატეგიის მოფიქრება, რომლის დროსაც ერთი ან რამდენიმეს "ჩუქების" შემდეგ თქვენ გრძელ მომგებიან „ჯაჭვს“ შეადგენთ. თამაშის მიზანი ხდება, აიძულო მეტოქე, მოგცეს არა ერთი, არამედ გრძელი ჯაჭვი. თმობ ერთ ან რამდენიმეს, შემდგომ 10 ან მეტი რომ მოიგო.
ეს თამაში არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ლოგიკური, სტრატეგიული აზროვნებისა და გეომეტრიული ფიგურების აგებულების სწავლა სახალისო თამაშის პროცესში!
ავტორი: www.edumeter.ge - მამუკა კვინიკაძე
იყავი ინფორმირებული!