* მიმდინარეობს საიტის ეტაპობრივი განახლება!  
ეროვნულ გამოცდებზე ქულების გათანაბრების შესახებ

ეროვნულ გამოცდებზე ქულების გათანაბრება აუცილებელი პროცედურაა იმისათვის, რომ ყველა აპლიკანტი თანაბარ პირობებში მოხვდეს. ეს პროცესი ტარდება იმ საგნებში, რომლებშიც ტესტის რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი იყო გამოყენებული.

რატომ ხდება ქულების გათანაბრება?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთ გამოცდაზე იყენებს ტესტის რამდენიმე ვარიანტს, რათა აპლიკანტებს შორის ინფორმაციის გაცვლა გამოირიცხოს. მიუხედავად იმისა, რომ ტესტის ყველა ვარიანტის შედგენისას დიდი ყურადღება ექცევა დავალებების ტიპების, სტრუქტურისა და სირთულის მაქსიმალურად გათანაბრებას, აბსოლუტური იდენტურობის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.

სწორედ ამიტომ, იმისათვის, რომ ტესტის ვარიანტებს შორის არსებული სირთულის მცირე სხვაობა კომპენსირდეს და არცერთი აპლიკანტი არ დაზარალდეს, გამოიყენება ქულების გათანაბრების მექანიზმი. ეს პროცესი უზრუნველყოფს, რომ შედარებით რთული ვარიანტის შემსრულებლის ქულა გაუთანაბრდეს შედარებით მარტივი ვარიანტის შემსრულებლის ქულას.

როგორ ხდება გათანაბრების პროცესი?

გათანაბრება ხდება ნედლი ქულების საფუძველზე (ანუ, პირველადი ქულები, რომლებიც აპელაციის შედეგების შემდეგ დადგინდება). პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

  1. პროცენტული რანგის დადგენა: თითოეული ვარიანტისთვის და თითოეული ქულისთვის დაითვლება მისი პროცენტული რანგი. ეს გვიჩვენებს, თუ აპლიკანტების რა ნაწილმა მიიღო ამ ქულაზე ნაკლები ან მისი ტოლი ქულა.

  2. ქულების გაიგივება: ერთი ვარიანტის ქულა უთანაბრდება სხვა ვარიანტის იმ ქულას, რომლის პროცენტული რანგიც მისი ტოლია. მაგალითად, თუ პირველ ვარიანტში 60 ქულა 50%-იანი რანგით გამოირჩევა, ხოლო მეორე ვარიანტში 58 ქულა იმავე 50%-იან რანგშია, ეს ორი ქულა გათანაბრდება.

  3. გათანაბრებული ქულის მინიჭება: საბოლოოდ, აპლიკანტს ენიჭება გათანაბრებული ქულა, რომელიც მისი საბოლოო შედეგია.

ამ პროცედურის შემდეგ, აპლიკანტს, რომელსაც ნედლი ქულით მინიმალურ ზღვარამდე არ მიუღწევია, შესაძლოა, გათანაბრებული ქულის შედეგად გადალახოს მინიმალური ბარიერი და კონკურსში მონაწილეობის უფლება მოიპოვოს.

მაგალითი: ვთქვათ, ნიკამ დაწერა I ვარიანტი, ანამ კი II ვარიანტი. ნიკამ მიიღო 15 ქულა, ეს 15 ქულა ან მასზე ნაკლები მიიღო I ვარიანტის 20%-მა. ანამაც მიიღო 15 ქულა, მის ვარიანტში ეს 15 ქულა ან მასზე ნაკლები მიიღო 30%-მა.

ამ მოცემული ინფორმაციით, შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა მოხდება გათანაბრების პროცესში, თუმცა ზუსტ ქულას ვერ გამოვთვლით. ამის მიზეზი ის არის, რომ გათანაბრება გულისხმობს ქულების გაიგივებას პროცენტული რანგების მიხედვით და არა მარტო ერთი ქულის შედარებას.

მოცემულობა

  • ნიკას შედეგი (ვარიანტი 1):

    • ნედლი ქულა: 15

    • პროცენტული რანგი: 20% (ეს ნიშნავს, რომ მის ვარიანტში აპლიკანტთა 20%-მა მიიღო 15 ან მასზე ნაკლები ქულა).

  • ანას შედეგი (ვარიანტი 2):

    • ნედლი ქულა: 15

    • პროცენტული რანგი: 30% (ეს ნიშნავს, რომ მის ვარიანტში აპლიკანტთა 30%-მა მიიღო 15 ან მასზე ნაკლები ქულა).

ამ მონაცემების მიხედვით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ანას ვარიანტი (II) უფრო რთული იყო, ვიდრე ნიკასი. რატომ? იმიტომ, რომ ანას ვარიანტში აპლიკანტების უფრო დიდმა ნაწილმა (30%-მა) მიიღო 15 ან მასზე ნაკლები ქულა, მაშინ როცა ნიკას ვარიანტში ეს მაჩვენებელი 20%-ს შეადგენს.

გათანაბრების პროცესის მთავარი მიზანია, რომ აპლიკანტები თანაბარ პირობებში დააყენოს. შესაბამისად:

  • ანას 15 ქულა გაიგივდება ნიკას ვარიანტის იმაზე მაღალ ქულასთან, რომელსაც იგივე, 30%-იანი პროცენტული რანგი ექნება, შესაბამისად ეს ქულა აღმოჩნდება 15-ქულაზე მეტი.

შედეგი

ვინაიდან ანას ვარიანტი უფრო რთული იყო, მისი 15 ქულა გათანაბრდება ნიკას ვარიანტის უფრო მაღალ ქულასთან (მაგალითად, 16 ან 17 ქულასთან, ან უფრო მეტთან. გათანაბრებული ქულა უმეტესად ათწილადი ჩანაწერით ჩაიწერება, მაგ. 17,64). 

მიუხედავად იმისა, რომ ორივემ 15 (ნედლი) ქულა მიიღო, მათი საბოლოო, გათანაბრებული ქულა შეიცვალა, რადგან მათ განსხვავებული სირთულის ვარიანტები შეხვდათ. ანა უფრო მაღალ გათანაბრებულ ქულას მიიღებს, რადგან მან უფრო რთულ ტესტში შეძლო ამ ქულის დაგროვება. გათანაბრება არის სამართლიანი პროცესი, რომელიც აპლიკანტთა შრომას ობიექტურად აფასებს, ტესტის სირთულის მიუხედავად.

ტესტის რომელი ვარიანტი გამოცხადდა რთულად, ეს შეიძლება აპლიკანტმა გათანაბრებული ქულის მიხედვით განსაზღვროს?

კონკრეტული ქულის დიაპაზონში, შესაძლოა, ტესტის ერთი ვარიანტი აღმოჩნდეს უფრო რთული, ხოლო სხვა ქულის დიაპაზონში ტესტის სხვა ვარიანტი იყოს უფრო რთული. 

მაგალითად, ზემოთ მოყვანილ მაგალითში აპლინკანტების მიღებული 15 ქულა, გათნაბრების შედეგად შეიცვლებოდა და იქნებოდა:

ნიკა: 15,00 ქულა; 

ანა: 17,6 ქულა (ეს ქულა პირობითია, რადგან ზუსტი გათანაბრებული ქულის დასადგენად საჭიროა ყველა აპლიკანტის მონაცემები, ცხრილი სადაც მოცემულია, კონკრეტულ ვარიანტში თითოეული ქულის მოპოვება რამდენმა შეძლო. ქულების გათანაბრება არის სტატისტიკური პროცესი, რომელიც ეყრდნობა აპლიკანტების ვარიანტების მიხედვით შედეგებს. ის არ გამოითვლება ერთი კონკრეტული ქულის საფუძველზე).

სხვა აპლიკანტებისათვის შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ბაიამ დაწერა I ვარიანტი, ელენემ კი II ვარიანტი. ბაიამ მიიღო 50 ქულა, ეს 50 ქულა ან მასზე ნაკლები მიიღო I ვარიანტის 80%-მა. ელენემაც მიიღო 50 ქულა, მის ვარიანტში ეს 50 ქულა ან მასზე ნაკლები მიიღო 70%-მა.

ამ შემთხვევაში, ბაიას ვარიანტი უფრო რთულია, ვიდრე ელენესი. ბაიას ვარიანტში აპლიკანტების უფრო დიდმა ნაწილმა (80%-მა) მიიღო 50 ან მასზე ნაკლები ქულა, მაშინ როცა ელენეს ვარიანტში ეს მაჩვენებელი 70%-ს შეადგენს.

ბაიას და ელენეს მიღებული 50 ქულა, გათნაბრების შედეგად შეიცვლებოდა და იქნებოდა:

ბაია: 52,47 ქულა (ეს ქულა პირობითია);

ელენე: 50,00 ქულა 



წყარო: მომზადებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით

ავტორი: www.edumeter.ge - მამუკა კვინიკაძე

კომენტარში უნდა იყოს მინიმუმ 15 სიმბოლო! კომენტარები გაივლის მოდერაციას.
reload, if the code cannot be seen
კომენტარი ჯერ არ არის. შენ შეგიძლია იყო პირველი!