სვანი სტუდენტის 4-იანი
30-იანი წლების ერთ-ერთი იანვრის საგამოცდო სესიების დროს უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანმა ნიკო მუსხელიშვილმა პირველი კორპუსის ფიზიკის აუდიტორიაში ფიზიკოსები შეგვკრიბა, დაფასთან მივიდა და დაიწყო:
,,სამი დღის წინ ამ აუდიტორიაში მათემატიკის სპეციალობის სტუდენტებთან მქონდა გამოცდა. რამდენიმე მათგანი ჩაიჭრა, მათ შორის - ერთი სვანი; როცა ასისტენტმა მაგიდაზე და მერხებზე დარჩენილი ფურცლების ალაგება დაიწყო, ერთი პატარა რვეული შენიშნა, რომლის ყდაზე იმ სვანის გვარი ამოიკითხა (აქ ბატონმა ნიკომ ყვითელყდიანი მომცრო რვეული ამოიღო პორტფელიდან და იქვე, მაგიდაზე დადო); მერე რვეული გადაფურცლა და ერთი გვერდი გვიჩვენა, სადაც მსხვილი ასოებით შემდეგი ეწერა:
დალამბერის განტოლება - პზჯ;
ფურიეს გარდაქმნები - პზმცჯ;
მდგარი ტალღები - შუჯ;
ენერგიის ინტეგრალი - შსჯ;
დირიხლეს ამოცანა - შმჯჯ;
პუასონის გული - შმცჯ.
მე ბევრი ვიფიქრე, მაგრამ რებუსი ვერ ამოვხსენი. მეორე დღეს მათემატიკის ინსტიტუტში წავიღე, მაგრამ ვერც იქ გაუგეს ვერაფერი. ამის შემდეგ გამოვიძახე სვანი სტუდენტი და ვთხოვე ამ ქარაგმების გაშიფვრა. ვიდრე ამბავს გავაგრძელებდე, ახლა თქვენ იფიქრეთ, იქნებ რომელიმე თქვენგანი იყოს შერლოკ ჰოლმსი ...
ჩვენ ბევრი ვუყურეთ დაფაზე დაწერილს, მაგრამ ვერაფერს მივხვდით; მაშინ ბატონმა ნიკომ განაგრძო:
- ჩაჭრილმა სტუდენტმა ახსნა-განმარტებაზე უარი მითხრა: - ბატონო ნიკო, ორიანი ხომ დამიწერეთ და მეტი რა გნებავთო, ეგ ჩემი საიდუმლოა და ვერ გავამჟღავნებო. მე დავპირდი, რომ თუ ,,გახსნიდა", იმ ჩემს ,,არადამაკმაყოფილებელს" გავაუქმებდი და ,,დამაკმაყოფილებელს' დავუწერდი; არ დაიჯერა; მაშინ მდივანს ახალი საგამოცდო ფურცელი მოვატანინე და სტუდენტის თვალწინ დავწერე დამაკმაყოფილებელი ნიშანი. მაშინ მან მიამბო: ,,ბატონო ნიკო! ოჯახური პირობების მიზეზით თქვენი საგნის მოსამზადებლად ცოტა დრო დამრჩა, მხოლოდ ნაწილის სწავლა მოვასწარი. დანარჩენი საკითხები ,,შპარგალკებად" მოვამზადე და ტანისამოსის ჯიბეებში გავანაწილე. ეგ ასოები უბრალოდ ,,მისამართებს" ნიშნავს: შუჯ - შარვლის უკანა ჯიბეა, პზმცჯ - პიჯაკის ზედა მარცხენა ჯიბეა; შსჯ - შარვლის საათის ჯიბე და სხვ"
ჩემთვის ყველაფერი ცხადი გახდა. ალალი იყოს ჩემი ნიშანი შენზე-მეთქი, ვუთხარი სიცილით. სვანი გამომეთხოვა და უკან-უკან სვლით წავიდა. შევაჩერე და ვეუბნები - ასე უცნაურად რატომ გადიხარ-მეთქი. იცით რა მიპასუხა? ,,ბატონო ნიკო, მე მათემატიკური ფიზიკის მეთოდებში ჩავიჭერი, ზრდილობაში კი არ ჩავჭრილვარო".
მე კიდევ ერთხელ გადავუსწორე ნიშანი - ახლა უკვე ,,ოთხიანზე". უნდა გენახათ სტუდენტის სიხარული ...
...მრავალი წლის შემდეგ, როცა ბატონ ნიკოს ეს ისტორია გავახსენე, ასეთი რამ თქვა: ,,ათასობით სტუდენტს გაუვლია ჩემს ხელში თბილისის თუ ლენინგრადის უმაღლეს სასწავლებლებში და მხოლოდ ის სვანი სტუდენტი ჩამრჩა მეხსიერებაშიო..."
წყარო: ვახტანგ პარკაძის ნაამბობიდან