გამოხატული აზრი და მისი შედეგები
ვსაუბრობთ და ვკითხულობთ ყოველდღიურად, ვამბობთ ჩვენს ან სხვის დანაბარებ სათქმელს, ვკითხულობთ ჩვენს ან სხვის ნააზრევს და ხშირად არც ვუფიქრდებით ჩვენი კითხვის, წერის და უფრო მეტად საუბრის არსს, ვის ან რას როგორ ვეხებით, როგორ ვმოქმედებთ მასზე. ამის კარგად გასააზრებლად უნდა გვესმოდეს სიტყვის ძალა, მისი გამოხატულება სიყვარულის, სიხარულის, შებრალების, შეცოდების, სიძულვილის, ბოღმის თუ სხვადასხვა ფორმით. ასევე საუბრის ტონი, პაუზები, ხმის სილბო, სხვისი გაგებით მოსმენა, და სხვა. სასვენი ნიშნები არა მარტო სიმბოლოებია, რომლებიც აუცილებლად უნდა დავსვათ, არამედ მათი საშუალებით ემოცია, გაკვირვება, ძლიერი გაკვირვება, თხოვნა, ბრძანება, აზრის დასრულება თუ დაწყება, გამოიხატება.
ვისაც მხატვრული ლიტერატურა უყვარს, ეცნობა გმირების ხასიათს, ცხოვრობს მათი ცხოვრებით და ასე რომ ვთქვათ ტექსტით საზრდოობს და იქმნის სამყაროს, შეხედულებების, ღირებულებების, გრძნობების, განცდების საშუალებით, აკეთებს ყოველთვის ახალ აღმოჩენებს, მიხვდებოდა რაზეც ვსაუბრობ და ის მაგალითები თვითონ გაახსენდებოდა და თან არაერთი.
და ვისაც არ უყვარს მხატვრული ლიტერატურა, შეიყვაროს.
ყოველი წინადადება გამოხატავს აზრს, ის ერთსიტყვიანი, ორსიტყვიანი, მრავალსიტყვიანი, მარტივი, რთული, რთული თანწყობილი, თუ რთული ქვეწყობილი იქნება არა აქვს აზრი. გამოხატავს აზრს, რომელიც ვისადმი ან რისადმი არის მიმართული. მას დადებითად, თუ უარყოფითად მიემართება, ბევრია დასაკვირვებელი საუბრისას და ძალზედ ბევრი გასააზრებელი. არ დავიწყებ ახლა თუ რომელი სასვენი ნიშანი რას გამოხატავს, რა დროს რა უნდა დაიწეროს, ეს ყველაფერი კარგად უნდა გვესმოდეს, რათა ვიცოდეთ საუბრისას სად გავჩერდეთ, სად ვითხოვოთ, სად გავიკვირვოთ, სად ვიბრძანოთ და სხვა.
მაგალითები სასვენი ნიშნის არასწორად დასმის და მისი შედეგები:
ქართულის მასწავლებელი წერს დაფაზე: ,,ისწავლე შვილო მამაშენივით, ვირი არ გამოხვიდე''. აქ მამასავით სწავლას ურჩევს მასწავლებელი მოსწავლეს, რათა ვირი არ გამოვიდეს.
ხოლო მოსწავლე რომელიც წერს: ,,ისწავლე შვილო, მამაშენივით ვირი არ გამოხვიდე.'' აქ კი მასწავლებელი კი მოუწოდებს მოსწავლეს ისწავლოს, მაგრამ ურჩევს მამასავით ვირი არ გამოვიდეს. წარმოიდგინეთ რა რეაქცია ექნებოდა მამას მისი შვილის ასეთ დმოწერილ წინადადებაზე.
ეს შეურაცხყოფის მიყენების მაგალითი იყო, მაგრამ შესაძლოა უბრალოდ ერთი პატარა მძიმის გამო ადამიანის სიცოცხლეს შეექმნას საფრთხე. აი მაგალითიც:
მეფემ უკარნახა თავის ვეზირს შემდეგი ტექსტი: ,,მსჯავრდებულს (სახელი და გვარი) სიცოცხლე, არა სიკვდილი''! ეს შეწყალებას ნიშნავს.
ვეზირის მიერ ჩაწერილი ტექსტი კი სულ სხვა რამეს გამოხატავს: ,,მსჯავრდებულს (სახელი და გვარი) სიცოცხლე არა, სიკვდილი!'' სიცოცხლე არაო, სიკვდილის ბრძანებაა უკვე ერთი მცირე მძიმის გამო, ამაზე ვიტყვით ალბათ, ბეწვზე (ერთ მცირე ხაზზე) ჰკიდია ჩვენი ცხოვრება.
დიდია თურმე საუბრის წარმართვის, წერის, კითხვის არსი, მას შეიძლება დიდი კარგი შედეგი მოჰყვეს, ან საშინელი შედეგი და ან საერთოდ არაფერი. დავუკვირდეთ სიტყვას, გვესმოდეს მისი სიმრავლური გამოხატულება, მისი მისამართი და ვიფიქროთ იმაზე გამუდმებით, რას ვწერ, ვის ვწერ, რატომ ვწერ, რისთვის . . . შეგვაწუხოს ამ კითხვებმა და ვიცოდეთ მათზე პასუხები.
ავტორი: www.edumeter.ge - არჩილ კვინიკაძე