„ორათი“, „სამათი“, „ოთხათი“ – როგორ შეიძლებოდა შეცვლილიყო ქართული რიცხვები
ოდესმე გიფიქრიათ, რატომ ვამბობთ „სამოცდახუთს“ (3x20+5) და არა, მაგალითად, „ექვსათხუთს“? ქართული ენის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური მახასიათებელი — ოცობითი თვლის სისტემა, წარსულში არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი.
წარმოგიდგენთ მიხეილ კუხიანიძის საინტერესო, ისტორიულ სტატიას (1924 წ.) „ძველი და ახალი თვლა“, რომელშიც ავტორი მწვავედ აკრიტიკებს ტრადიციულ ქართულ ზეპირ თვლას და მას თანამედროვე ცხოვრებისთვის, ანგარიშისა და სკოლისთვის შეუფერებლად მიიჩნევს.
სტატიაში აღწერილია სახალისო და კურიოზული მაგალითები, თუ როგორ იბნეოდნენ ადამიანები ციფრების დაწერისას (მაგალითად, როგორ წერდა ჯარისკაცი „325“-ს სამოცდახუთის ნაცვლად) და შემოთავაზებულია თვლის სრულიად ახალი, ათობითი სისტემა — ტერმინებით: „ორათი“, „სამათი“, „ოთხათი“ და ა.შ.
გაეცანით ამ უაღრესად საინტერესო ისტორიულ სტატიას, რომელიც ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორი მსჯელობა და რეფორმისტული იდეები ტრიალებდა წარსულში ქართული საგანმანათლებლო სისტემისა და ენის პრაქტიკულობის გარშემო.
წაიკითხეთ სრულად 👇
მოხუცდა ქართული ზეპირი თვლა. ის ვეღარ უმკლავდება თანამედროვე ცხოვრებას, აღარ ეთანადება დღევანდელ გართულებულ წარმოებას და ანგარიშს, არ შეეფარდება ის არც ახალი სკოლის მოთხოვნილებას. ეს თვლა ხშირად მოზრდილ ქართველსაც კი უძნელებს რიცხვის ქაღალდზე გადატანას და ანგარიშს, ბავშვისთვის კი ხომ კიდევ უფრო ძნელია. მაშ რაღა ითქმის არა ქართველებზე? აი ერთი მაგალითი, რომლის მოწამე მე გავხდი:
შარშანწინ ვმსახურობდი საქართველოს არტილერიის მესამე სამთო ჯგუფში (батарея), საიდანაც უფროსმა გამოიწვია სამოხწავლო გუნდისთვის წითელ-ლაშქრელები გამოცდაზე (რომლისათვის საკმარისი იყო ქართული ლაპარაკი და რიცხვების წერა), და უთხრა ერთს მათგანს, დაეწერა „სამოცდახუთი“ რიცხვ ნიშნებით (ციფრებით). წითელ-ლაშქრელმა დასწერა „605“, არ მოუწონეს, მეორეთ-- „3205“, არც ეს მოუწონეს, მესამეთ-–– „3254“, არ მოუწონეს და ბოლოს, როდესაც სხვა წითელ-ლაშქრელებმა ჩასჩურჩულეს ყურში, ძლივს დასწერა „65“. ხსენებული წითელ-ლაშქრელი ქართველი, ქართულის მცოდნე და საკმაოდ ფხიზელი და მოხერხებული კაცი იყო, მაგრამ მაინც ასე გაუჭირდა, და რომელიც მასზე უფრო დაბლა დგას ცოდნით და მომზადებით, მას რაღა დაემართება? ის, ხომ უფრო მეტად დაიბნევა.
მართლაც, რომ ადვილად შეიძლება დაბნევა. ესმის „სამ-ოც-დახუთი“ და ასეც სწერს: 605 (სამოცდა-ხუთი), ან 3205 (სამ-ოც-დახუთი), ან 325 (სამ–ოცდახუთი). დამწერი სამივე შემთხვევაში მართალია: რაც გაიგონა იმას დასწერს.
ან კიდევ: მასწავლებელი ეუბნება მოწაფეს: სულ არის ათი რიცხვნიშანი. რიცხვები იყოფიან განყოფილებებად, მარჯვნიდან მარცხნივ. თითეულ განყოფილებაში სამი ნიშანია, (სამი ადგილია). ნიშნების პირველი ადგილი ერთეულებისაა, მეორე-ათეულების და მესამე-ასეულების. ადგილების გადათვლა მარჯვნიდან მარცხნივ სწარმოებს. ამავე დროს იგივე მასწავლებელი უკარნახებს მოწაფეს: დამიწერეთ ოცდახუთი, ორმოცდათხუთმეტი, ოთხმოცდაცხრამეტი და სხვა. მოსწავლე გაკვირვებით შესცქერის მასწავლებელს და გულში ამბობს: რა უცნაური მასწავლებელია! მასწავლა სამი ადგილი: ერთეულების, ათეულების და ასეულების, ეხლა კი მიკარნახებს ოცებს, რომლის ადგილები არც გამიგონია. სად დავწერო, რომელი ადგილი მივცე? და ბოლოს დიდი ახსნა-განმარტებათა შემდეგ შეისწავლის, მაგრამ ხმარების დროს კვლავ შეცდომები, თავის თავზე უკმაყოფილება და სხვა.
ამის შესახებ დაწვრილებითი ცნობები იხილეთ 1920 წელს გამოცემული „რუსულ-ქართული ტეხნიკური სიტყვარის“ წინასიტყვაობაში, აქ ვნიშნავ მხოლოდ, რომ ასეთი შემთხვევები ხშირია ჩვენს ცხოვრებაში; და თუ ჩვენ ვამბობთ, რომ რევოლიუციონერები ვართ, შრომის სამეფოს მებაირაღტრენი, მესაჭენი და ხალხისათვის ყოველ სიძნელეთა გამაადვილებელნი, განა არ უნდა დავანებოთ თავი გაუგებარს და რთულს (ერთი გაიგონო და მეორე დასწერო) როდესაც ხელთა გვაქვს უბრალო და მარტივი ათობითი თანწყობის (სისტემის) თვლა და ეს თვლა მივაწოდოთ ჩვენს ამხანაგებს და მოზარდებს? ჩემის აზრით, რაც ძნელი და უვარგისია, უნდა გადავაგდოთ, და რაც ადვილი და გამოსადეგია (სხვისიც რომ იყოს, თორემ ეს ხომ ქართულია)--მივიღოთ.
ამის განსახორციელებლად, საკმარისია ცხრა ათეულის და მათი ნაწარმოები რიცხვების სახელების შეცვლა 20-დან 99-მდე.
ათის სახელი, რა თქმა უნდა, წინანდელი რჩება (19-მდე ჩათვლით), 20-ს კი ორათი უნდა დაერქვას, 30--სამათი, 40-- ოთხათი, 50-- ხუთათი, 60-- ექვსათი, 70--შვიდათი, 80--რვაათი, 90-- ცხრაათი, ასის კი და ასზემეტი რიცხვების სახელები წინანდელი რჩება, როგორც ათობითი. ათეულებს შუა ასე ითვლება: ორათ-ერთი (21), სამათ-ორი (32), ოთხათ-სამი (43) და სხ.
ძალიან აადვილებს ასეთი დასახელება რიგზე გადათვლასაც. მაგ. ორმოცდამეხუთმეტეს მაგიერ ითქმის ხუთათმეხუთე. ოთხმოცდამეცამეტეს მაგიერ ცხრაათმესამე და ასე შემდეგ.
რიცხვნიშნები, რომლებითაც ვსარგებლობთ და ასე მოგვწონს, არის არაბული და ათობით თანწყობაზეა დამყარებული. სულ არის ათი ნიშანი, რომელნიც რიცხვად დაწერილნი, ათჯერ მეტნაკლებობას გვიჩვენებენ, როგორც საანგარიშოს (ჩოთქის) კოჭებიც.
როგორც ზემოდ იყო აღნიშნული, ჩვენი ზეპირი თვლა არ უდგება რიცხვების წერის ამ თანწყობას. ათობითი თვლის შემოღებით კი ყოველი რიცხვის სახელი, მაგ.. „ექვსათხუთი“ თვით მიუთითებს დამწერს, რომ ის ორი ნიშნით უნდა დაიწეროს, რადგან „ხუთი“ არის ერთეული და დაიკავებს პირველ ადგილს, მეორე ადგილს კი, რომელიც ეკუთვნის ათეულებს, დაიჭერს ათეულების ექვსი (ექვსათ-ხუთი--65) და რადგან ასეული არ გაუგონია, არც აზრად მოუვა მისი დაწერა. ეხლანდელი დასახელებით კი ესმის სამ-ოც-და-ხუთი და სამ რიცხვნიშანსაც სწერს (325). ე. ი. ასეულებსაც ასე შეიქნება ნათქვამის და ნაწერის თანხმობა.
გამოსათქმელადაც ძალიან ადვილია. მაგ.: 134.575.698 გამოითქმის ასე: ას-სამათ-ოთხი მილიონი, ხუთას-შვიდათ-ხუთი ათასი, ექვსას-სამათ-რვა (აქ სამათ-ს ნაცვლად უნდა იყოს ცხრაათ).
საანგარიშოს თითეულ ხაზზე ათ-ათი კოჭია და ყოველი ხაზი თავის მიმდევარ ხაზზე ათჯერ მეტ-ნაკლებობითაა დამოკიდებული, აგრეთვე მათი კოჭებიც. ამიტომ ეს საანგარიშო ოცობით თვლას არ უდგება, ათობითი თვლის შემოღებით კი ძალიან აადვილებს ანგარიშს, როგორც ყოველ დაწესებულებაში და ვაჭრობაში ისე ოჯახშიაც.
ერთი სიტყვით, რომელი მხარეც არ უნდა აიღო ანგარიშში, თვლის ათობით წესს აქვს უპირატესობა. ის ყოველმხრივ აადვილებს ანგარიშის საქმეს და ამიტომ აუცილებლად და დაუყოვნებლივ უნდა იქნეს შემოღებული ყოველ დაწესებულებაში და განსაკუთრებით სასწავლებლებში.
ასეთი თვლის განხორციელება პირველად ჩემს ოჯახში ვსინჯე, სადაც ოთხი მცირეწლოვანია და ერთი მოხუცი, რომლებმაც ერთი ახსნით შეითვისეს ეს თვლა და ლაპარაკობენ კიდევაც ამ თანწყობით სრულიად თავისუფლად, რის შემდეგ ჩემთვის სასაცილო იქნება, რომ ვინმემ თქვას, თითქოს დაწესებულებებში და სასწავლებლებში გონებაგახსნილ ადამიანებმა ეს უბრალო თვლა ვერ შეითვისონ და არ მოიწონონ, ძველ საგამოცანო ოცობით თვლასთან შედარებით, მით უმეტეს დღეს როდესაც ქართველ საზოგადოებას ხშირი კავშირი აქვს რუსულ და გერმანულ ენებთან, რომლებშიაც ათობითი თვლა სავსებით არის დაცული.
ამას გარდა ზომათა მეტრული ათობითი თანწყობა ხომ სულ მალე იქნება ყველგან ხმარებაში.
აი რატომ არის ჩვენთვის აუცილებლად საჭირო ათობითი თვლა.
წინ ამხანაგებო მასწავლებლებო, გაანათეთ ბნელი, თქვენც შეიმსუბუქეთ ტვირთი და სხვასაც უშველეთ, ყველგან ათობითი აღრიცხვა იხმარეთ. კარგი შემოვიღოთ, ცუდი გადავაგდოთ.
მიხ. კუხიანიძე
1924 წ.
ავტორი: www.edumeter.ge - მამუკა კვინიკაძე
იყავი ინფორმირებული!