სასწავლო რესურსების ეფექტური გამოყენება
სწავლება და აღზრდა ურთიერთქმედების შედეგია და იმისათვის, რომ ინფორმაციამ გადამცემიდან მიმღებში შეაღწიოს მნიშვნელოვანია სასწავლო რესურსების ეფექტური გამოყენება. მასწავლებლის მიერ შექმნილი რესურსი რომ იყოს ერთდროულად ეფექტურიც და ეფექტიანიც, აუცილებელია, რომ სასწავლო რესურსი იყოს:
1). მრავალფეროვანი: სწავლების მრავალფეროვანი და კომბინირებული მეთოდების გამოყენება; გასაგები და საინტერესო ვიზუალური მასალები და არგუმენტები; დემონსტრირებისა და სიმულაციების გამოყენება, როლური თამაშები და სხვა.
2). მიზანდასახული: მკაფიოდ წარმოდგენილი ჰქონდეს მასწავლებელს რამდენად შეესაბამისობაშია რესურსი გაკვეთილის მიზანთან, რა ეფექტი ექნება რესურსს, დასახული შედეგის მიღწევაში.
3). ორგანიზებული: განსაზღვრული მიზნითა და თანამიმდევრულად დალაგებული მასალით შედგენილი რესურსი მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფს საკითხის უკეთ აღქმას, გააზრებასა და განზოგადებას.
4). სანდო წყარო: რესურსის შექმნისას მასწავლებელმა აუცილებლად უნდა იხელმძღვანელოს ავთენტური წყაროებით - (ენციკლოპედია, სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომები...). მოახდინოს მოსწავლის ცოდნის დონის შესაბამისად მათი ადაპტირება და დამუშავება.
5). მკაფიო ინსტრუქცია: რესურსს უნდა ერთვოდეს სამიზნე მოსწავლეთა ცოდნის დონისათვის შესაბამისი მკაფიო და ადვილად გასაგები ინსტრუქცია.
6). თანამშრომლობა: მოსწავლეთა ჩართულობისა და ურთიერთთანამშრომლობის სურვილის გასაძლიერებლად კარგია ერთად ფიქრი, ერთად რაიმეს კეთება და ამ კეთებით რაღაცის აღმოჩენა.
7). უნარების განვითარება: რესურსი არ უნდა იყოს ორიენტირებული მოსწავლეების მხოლოდ ერთი უნარის განვითარებაზე, არამედ უნდა იძლეოდეს უნარების კომპლექსურად განვითარების საშუალებას.
8). ჩაღრმავება: რესურსმა უნდა უბიძგოს მოსწავლეებს ჩაუღრმავდნენ, გაანალიზონ და შეხედონ სხვადასხვა კუთხიდან საკითხს, ეძებონ და დაადგინონ ახალი კანონზომიერებები.
9). სწავლის სტრატეგიები: სწავლის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენების შესაძლებლობა, შემდგომში მოსწავლეებს უბიძგოს საკუთარი სწავლის პროცესის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და საკუთარ თავზე მორგებული ეფექტური სტრატეგიების გამოყენება.
10). დაინტერესება: რესურსმა უნდა დააინტერესოს მოსწავლე, ეყრდნობოდეს ცხოვრებისეულ და სასწავლო გამოცდილებას, რის საფუძველზეც გაუჩინოს უფრო მეტი ინფორმაციის გაგებისა და მოძიების სურვილი.
11). რეალობასთან კავშირი: რესურსი უნდა ეყრდნობოდეს რეალობას და მიღებული ცოდნის გამოიყენება შესაძლებელი იყოს საკლასო ოთახის გარეთაც პრაქტიკაში.
12). გამოყენების არეალი: შესაძლებლობა იყოს ერთი და იგივე რესურსი გამოვიყენოთ სხვადასხვა აქტივობისათვის, სხვადასხვა საგანში და სხვადასხვა უნარ-ჩვევების განსავითარებლად.
13). უსაფრთხოება: უნდა მოვერიდოთ მსხვრევადი, ტოქსიკური ნივთიერების შემცველი მასალის, ბასრი საგნების გამოყენებას... შესაძლებელია რესურსი სახიფათო აღმოჩნდეს კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფისათვის, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერი რისკი და წინასწარ მიიღოთ ზომები მისი თავიდან აცილებისათვის.
ავტორი: www.edumeter.ge - მამუკა კვინიკაძე. საგანმანათლებლო რესურსი შექმნილია 2020-2021 სასწავლო წელს თსუ-ის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დროს.
იყავი ინფორმირებული!