* მიმდინარეობს საიტის ეტაპობრივი განახლება!  
რა უნდა ვიცოდეთ მათემატიკის გამოცდაზე გასვლამდე: რჩევები VII–XII კლასების პედაგოგებს

გამოცდის წინ ღელვა და საკუთარ ძალებში ეჭვის შეტანა სრულიად ბუნებრივი პროცესია, თუმცა, როგორც მათემატიკოსებმა, მოდით, ამ სიტუაციას ემოციების გარეშე, ლოგიკურად და ჩვენთვის კარგად ნაცნობი პრინციპებით შევხედოთ. გამოცდაზე გასვლით თქვენი წარმატების ალბათობა P>0. რატომ უნდა გაუტოლოთ საკუთარი შანსი ნულს მაშინ, როცა გამარჯვების რეალური, მათემატიკურად დასაბუთებული შანსი არსებობს!

ტესტის სირთულე და კონკრეტული ამოცანის პირობა ცვლადებია, თუმცა თქვენი პროფესიონალიზმი, წლების განმავლობაში დაგროვილი პედაგოგიური გამოცდილება და ცოდნა — მუდმივია. თქვენ ყოველდღე ასწავლით მოსწავლეებს, რომ არ დანებდნენ ამოცანას, სანამ სწორ პასუხამდე არ მივლენ; უხსნით, რომ შეცდომის დაშვება ან სირთულე ძიების პროცესის ნაწილია. ახლა ზუსტად ის დროა, რომ თქვენივე ნასწავლი წესი საკუთარ თავზე გამოიყენოთ.

ბევრ საგანმანათლებლო საიტზე თუ სოციალურ ქსელში ვრცელდება ზერელე, რეალობას მოკლებული „მამოტივირებელი“ სტატიები. ჩვენ, როგორც ზუსტი მეცნიერების წარმომადგენლებს, გვჭირდება რეალობის ნამდვილი, ობიექტური აღქმა და არა ფალსიფიცირებული მოლოდინები. მოდით, გულწრფელად ვთქვათ: რადგან ეროვნულ გამოცდებამდე არავინ ამოწმებს გარედან, თუ როგორ ფასდება მოსწავლე სკოლაში და რეალურად რა სიღრმით ისწავლება კონკრეტული საკითხები, მასწავლებლების ნაწილში გაჩნდა ბუნებრივი მოდუნების ეფექტი. სასკოლო სივრცეში რიგი თემები ხშირად მხოლოდ ზედაპირულად, შაბლონური ალგორითმებით ისწავლება. სასერტიფიკაციო გამოცდა კი ზედაპირულ ცოდნას არ პატიობს — ის საკითხის დეტალურ, სიღრმისეულ ანალიზს ითხოვს.

თეორიის ზედაპირული ცოდნა და მზა ფორმულები საკმარისი არ არის, მოითხოვება ამოცანის შინაარსის დეტალური ანალიზი და ლოგიკური დასაბუთება. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ალბათობის თეორია და კომბინატორიკა ბევრი პედაგოგის „აქილევსის ქუსლია“. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის დარგი, სადაც შაბლონური დამახსოვრება არ მუშაობს. აქ შეუძლებელია უბრალოდ ფორმულის (გადანაცვლების, წყობის, ჯუფთების) მექანიკური გამოყენება, თუ სიღრმისეულად არ გესმის ვარიანტების დათვლის ლოგიკა და ხდომილობათა ურთიერთკავშირი.

პრობლემა ისაა, რომ ხშირად ნაკლებად ვცდილობთ, თავად მოვიძიოთ ინფორმაცია, გავცდეთ სტანდარტულ სახელმძღვანელოებს და აღმოჩენითი სწავლების პრინციპი საკუთარ პროფესიულ განვითარებაშიც დავნერგოთ. თუ გვინდა, რომ მოსწავლემ დაინახოს მათემატიკის სილამაზე, ჯერ ჩვენ უნდა მივცეთ საკუთარ თავს უფლება, ვიყოთ მკვლევარები და თავად აღმოვაჩინოთ ამოხსნის ალტერნატიული, ელეგანტური გზები.

გამოცდის სტრუქტურაში არის ერთი უმნიშვნელოვანესი, კრიტიკული წესი, რომლის უგულებელყოფაც არ შეიძლება: დასაწერი 3 დავალების გარეშე გამოცდა ჩაბარებულად არ ითვლება. ხშირად პედაგოგები დროის უკმარისობის ან შიშის გამო ამ ღია დავალებებს სათანადო ყურადღებას არ უთმობენ. არადა, მოდით ვნახოთ, რას ეფუძნება ეს 3 დავალება: ისინი მოდის ზუსტად იმ სასკოლო საკითხებიდან, რასაც თქვენ ყოველდღიურად გადიხართ მოსწავლეებთან! ეს არ არის უმაღლესი მათემატიკის აბსტრაქტული თეორემები; ეს არის თქვენი ყოველდღიური პრაქტიკა, უბრალოდ მოთხოვნილია:

  • აზრის მკაფიო, მათემატიკური ენით ჩამოყალიბება.
  • ამოხსნის ეტაპების ლოგიკური ბმა და დასაბუთება.

სასერტიფიკაციო გამოცდა არ არის თქვენი, როგორც პედაგოგისა და პიროვნების მათემატიკური ცოდნის მნიშვნელობის განმსაზღვრელი — ის უბრალოდ ცოდნის შეფასების ერთი სტანდარტული, დროში შეზღუდული ფორმატია. 

მიეცით საკუთარ თავს შანსი, დაეყრდნოთ რეალურ ცოდნას. გაიხსენეთ, რამდენი მოსწავლისთვის მიგიციათ მოტივაცია, რამდენისთვის გისწავლებიათ დაცემის შემდეგ ფეხზე ადგომა და ახლა ეს უზარმაზარი ენერგია საკუთარი თავისკენ მიმართეთ. ენდეთ ლოგიკას, არ აარიდოთ თავი ანალიტიკურ სირთულეებს და თამამად დაწერეთ ის, რაც გამოცდილებამ გასწავლათ.

გამოცდის უფასო მოდელირებისას გამოიყენეთ კოდი: 712

(პერიოდი - 15.07.2026  19:45 - 16.07.2026  06:45

 წარმატებებს გისურვებთ!



ავტორი: www.edumeter.ge - მამუკა კვინიკაძე

კომენტარში უნდა იყოს მინიმუმ 15 სიმბოლო! კომენტარები გაივლის მოდერაციას.
reload, if the code cannot be seen
კომენტარი ჯერ არ არის. შენ შეგიძლია იყო პირველი!