რატომ და როდის აღვნიშნეთ პირველი "ძველით ახალი წელი"?!
ორი ერთნაირი დღესასწაულის არსებობა ბევრს რეზო ჭეიშვილის "ცისფერ მთები"-ს მოგვაგონებს.
– სამიდან ერთი?
– დიახ.
– რად უნდოდა მერე ორი სათაური, სამიდან ერთი თუ გამოიყვანე...
ბევრს სჯერა რომ ორი ახალი წელი ქართული ტრადიციაა და საუკუნეებს ითვლის, სინამდვილეში ყველაფერი იმ თარიღიდან იწყება, როდესაც მოხდა ჩვენთან კალენდრის გადაკეთება, გადასვლა გრიგორიანულ კალენდარზე. პრველად "ძველით ახალი წლის" დადგომა 1919 წლის 13 იანვრის ღამით მოხდა. ეს გარემოება მხოლოდ კალენდრის ცვლილებას არ გამოუწვევია.
1918 წლის 17 აპრილს გაზეთი "ერთობა" იუწყებოდა, რომ ჩვენი კალენდარი 13 დღით ჩამორჩენილი იყო ნამდვილ დროთა ბრუნვას, ... წლევანდელი წელიწადი 13 დღით მოკლე იქნება ჩვეულებრივ წელიწადზე. მას ექნება მხოლოდ 252 დღე. ასეთი ცვლილება ახსნილი იყო მეცნიერულად, ასევე ცვლილების შერჩეული თარიღის საბაბად პირველი მაისის, მშრომელთა საერთაშორისო დღის ზეიმს ასახელებდნენ, ქართველი სოციალ-დემოკრატები პირველი მაისის ევროპის სოციალისტური მოძრაობების მსგავსად, აქტიურად აღნიშნავდნენ.
ამიერკავკასიის სეიმის მიერ 13 აპრილს გატარებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, 17 აპრილის არაფრით გამორჩეული ღამის შემდეგ ქართველებმა 1 მაისს გაიღვიძეს. ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის ხელმოწერით (სეიმის თავჯდომარე) გამოქვეყნებული კანონი ამიერკავკასიის რესპუბლიკაში 1918 წლის 17 აპრილიდან „იულიუსის კალენდრის“ ნაცვლად „გრიგორიანული კალენდრის“ გამოყენების წესს ადგენდა. ამ კანონს ბევრი უხერხულება უნდა აღმოეფხვრა. მაგალითად, დიდი ხნის წინ გრიგორიანულ კალენდარზე გადასულ ევროპულ ქვეყნებთან კომუნიკაციისას თარიღებთან დაკავშირებულ გაუგებრობები აღარ იქნებოდა.
რატომ 1919 წლის 13 იანვარი?!
1918 წლის დეკემბერში სომხეთთან მიმდინარე ომის გამო თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს დიდ ნაწილში სამხედრო წესები მოქმედებდა. 31 დეკემბრის ღამემდე თბილისის გენერალ გუბერნატორმა, გენერალმა შალვა მაღლაკელიძემ, სპეციალური განკარგულება გამოსცა – „თფილისის გენ. გუბერნატორის განკარგულებით ნებადართულია ქუჩებში მოძრაობა ღამის 2 საათამდე, ჩვეულებრივათ მიღებული სროლა დღესასწაულის გამო აკრძალულია. დამნაშავე დაისჯება ერთ ნახევარი წლით დაპატიმრებით ან ათი ათასი მანეთის ჯარიმის გადახდევინებით“.
პრესისა და თვითმხილველთა ცნობით, 31 დეკემბრის ღამით მოქალაქეებმა მართლაც შეიკავეს თავი სროლისგან და ხმაურისაგან. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თბილისელებმა ზნეს მაინც არ უღალატეს. შენიშნეს რა, რომ აკრძალვა მხოლოდ 31 დეკემბრის ღამეს ეხებოდა, მოთმინებით დაელოდნენ ხელსაყრელ დროს, 13 იანვრის ღამეს, როცა შეზღუდვა აღარ მოქმედებდა და ქალაქი თოფისწამლის კვამლსა და ხმაურში გახვიეს.
წყარო: https://civil.ge/ka -ის მიხედვით; ფოტო https://digest.ge/