* საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!  
ქრისტეს შობის მახარობლები
   0    

შობის წინა საღამოს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც ახალი წლის დასაწყისს. შობის წინა საღამოს ანუ „ქრისტეს საღამოს“, იგივე "კორკოტობას“, ,„ჭანტილობას“, „მრავალწლობას“, „ყორბოულობას“ (რიტუალური პურების საღამოს), „თხილის ღამეს“, რიტუალური თამაშობების საღამოს მრავალი წესი სრულდებოდა, ასრულებდნენ „ალილოზე სიარულის“ წესს, აგროვებდნენ შემოწირულობებს, იღებდნენ მოწყალებას და სხვ. 

შობის წინა საღამოს ალილოზე სიარულის წესს, იგივე „შობის შემოლოცვის“ წესს ასრულებდა ახალგაზრდა გოგო-ბიჭების ჯგუფი (სულ მცირე 3, რადგან სიმღერა სამხმიანია), რომლებიც სანოვაგისა და ფულის შესაგროვებელი კალათებით კარდაკარ დაივლიდნენ მთელ სოფელს (ზოგჯერ რამოდენიმესაც) ახარებდნენ ოჯახებს და  ულოცავდნენ ქრისტეს შობას „ალილოს“ სიმღერით. 

„ოცდახუთსა დეკემბერსა 
ქრისტე დაბადებულაო, 
შობა-ახალ-წელიწადი 
ჩვენთვის გათენებულაო. 
ალანთასა, ბალანთასა 
ხელი ჩაჰკარ კალათასა 
დედი, ერთი კვერცხი მოგვე
ღმერთი მოგცემს ბარაქასა!“ 

 სიმღერა მთავრდებოდა მოლოცვითა და დალოცვით, კეთილი სიტყვების დაყოლებით. ალილოს მონაწილეებს (მეალილეებს), როგორც ქრისტეს შობის მახარობლებს გულუხვად უმასპინძლდებოდნენ და ასაჩუქრებდნენ; მათი ოჯახში მისვლა დიდ სიკეთედ ითვლებოდა (ერიდებოდნენ მეალილეთა ხელცარიელ გაშვებას, რადგან ეს ავის მომასწავებლად ითვლებოდა). 

საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს, რომელიც მხოლოდ ერთხელ დაირღვა — საქართველოს გასაბჭოების შემდეგ. 1990 წლებში მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ ილია II-ემ აღადგინა. დღესდღეობით ალილოს ზეიმობენ სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, როდესაც მრავალი ეკლესიის მრევლი უერთდება ალილოს მსვლელობას.

კომენტარში უნდა იყოს მინიმუმ 15 სიმბოლო! კომენტარები გაივლის მოდერაციას.
reload, if the code cannot be seen
კომენტარი ჯერ არ არის. შენ შეგიძლია იყო პირველი!