მათემატიკის არსი
სიტყვა მათემატიკა ჩემთვის ყოველთვის იმ ბავშვობის დროინდელ თამაშობების გახსენებაა, რომლებმაც შემაგრძნობინეს მათემატიკა, მიმიზიდეს, ჩამახედეს რიცხვების არსში, გამარჯვებულ-დამარცხებულის ზუსტ განმსაზღვრელ აზროვნებას მიმაჩვიეს და ამგვარად მოხიბლული ჩემთვის მათემატიკა არასდროს ყოფილა მიუწვდომელი.
მათემატიკური ცოდნის აგება საჭიროებების გაჩენამ გამოიწვია. პირველად იყო თვლა და ნატურალური რიცხვები შემოვიდა აზროვნებაში. შემდეგ თვლა ორ-ორად, სამ-სამად და ა. შ. და მიიღეს ლუწი, კენტი და ჯერადი რიცხვები. გამოკლება და გაყოფა ხომ შეკრების და გამრავლების შებრუნებული მოქმედებადაა გააზრებული.
ყველაფერი კი ბუნებრივი რიცხვებით, ნატურალური რიცხვებით დაიწყო და პრაქტიკული დათვლის სახე ჰქონდა. მათემატიკა პრაქტიკის, დასათვლელი ობიექტის გარეშე უაზრობად გამოიყურება. ზოგიერთს პრაქტიკული წარმოსახვის უნარი გააჩნია და მარტივად სწავლობს მათემატიკას, ზოგიერთს კი ამ პრაქტიკის რეალურად განხორციელების შემდეგ შეუძლია.
თამაშობებით სწავლება მათემატიკის სწავლების ძირითადი მეთოდია. მას არამხოლოდ მასწავლებელი, არამედ მშობელიც უნდა მიმართავდეს და ცხოვრებისეულ მათემატიკურ გამოვლინებებს განიხილავდეს შვილთან ერთად. მაგალითად, ქუჩების გადანომრვა და კვეთა, ტემპერატურის ცვლილება და სხვა. მეც და ყველამ თამაშ-თამაშით ვისწავლეთ მათემატიკა, ვის ბევრად და ვის ნაკლებად დასჭირვებია დახმარება.
ყოველთვის ძნელია ასწავლო მოზარდს, როდესაც მას თავისი საყვარელი საქმიანობა არ გააჩნია ან ბუნებასთან არ აქვს კავშირი. მათ არ ესმით თანმიმდევრობითი ქმედებები და არც ბუნებრივ კანონზომიერებებს არა არიან დაკვირვებულნი. ძნელია, რადგან სწავლების დროს ვერ ხერხდება მათემატიკის თანმიმდევრული პროცესების დაკავშირება რეალურ გარემოსთან!
მათემატიკის სწავლა ადვილია, როცა მისი არსი გესმის. კითხვა, თუ რას შეისწავლის მათემატიკა, ან რაში გვჭირდება google -ს არ უნდა მოითხოვდეს.
მათემატიკა დიდ სიყვარულს ატარებს, აზროვნების სიყვარულს, რომელსაც აღმოჩენა სჭირდება.