* საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში!  
ყველა ბავშვი ათ წლამდე გენიოსია
    0    
ერთი, ორი, სამი, . . . . ვიხილები და მოვდივარ, ვინც ჩემს უკან არის, "დასტუკული" არის! - ხალისით, თამაშ-თამაშით ნასწავლი თვლა, ურთიერთობა, გამჭრიახობა, სისხარტე . . . . ვითვლით N -მდე სწრაფად, რათა დრო მოვიგოთ და სხვას დრო არ დავუტოვოთ დასამალავად. 
ერთი, ორი, სამი! ან სამი, ორი, ერთი! იწყება ან მთავრდება რაიმე მოქმედება. ხშირად გვსმენია, - არ გეძინება? დაითვალე და დაგეძინებაო, დილით კი არ გეხსომებათ სადამდე დაითვალეთ. ბავშვობაში რაოდენობრივ ფორმას გამოხატავდა თვლის პროცესი და რიცხვები, ხოლო უკვე საზრიანობისა და თავისუფლების მოყვარულობის პერიოდში ყოველი რიცხვი იძენს თავის შინაარს, ისტორიას და ამ შინაარსიანი ისტორიის უწყვეტობა გვაფიქრებს ბევრ რამეზე, კერძოდ: უსასრულო რაოდენობის რიცხვია ყოველ ორ ნატურალურ (თვლის შედეგად მიღებულ) რიცხვს შორის და ცხოვრება ზოგჯერ ჩვეულებრივ გვათვლევინებს, ხან ორ-ორად, სამ-სამად, ხანაც კი რიცხვებში ათწილადს და წილადს გვაგრძნობინებს ხოლმე. 
უნგრელი მწერლის კალმან მიქსათის - "ბესტერცეს ალყა"-ში ვკითხულობთ: 
"მოზარდები ყოველთვის სულელები არიან. მხოლოდ ჩვილები არიან ჭკვიანები! მე არ ვიცნობ არც ერთ ბავშვს, ათ წლამდე გენიოსი რომ არ იყოს. ადამიანი გამოშტერებას იწყებს ათი წლიდან და საკმაოდ დიდხანს რჩება სულელი.
 ...
 - მაშ, რაკი ამბობ, ყმაწვილო, მედიცინის გამეგებაო, გამსინჯე და განსაზღვრე, გიჟი ვარ თუ არა. ენა გაჩვენო? - და მან გამოყო გრძელი, გასისხლიანებული მახვილისმაგვარი ენა.
ახალგაზრდა ბარონმა ბეხენციმ სიცილით მიაგება:
-ენის ჩვენება არაა საჭირო, ძვირფასო ბიძია. ენა ნორმალური გაქვს, ჯანმრთელი. სჯობს ათიდან ერთამდე დათვალო...
გრაფი პონგრაცი ხუმრობას ვერ მიხვდა და სწრაფად შეუდგა დათვლას:
- ათი, ცხრა, რვა, შვიდი, ექვსი, ხუთი, ოთხი, სამი, ორი, ერთი.
- ყოჩაღ! შესანიშნავია. გრაფო იშტვან, ნურაფრის გეშინია. გიჟსა რა გიგავს, ისე საღად აზროვნებ, როგორც ფერენც დეაკი (1803-1876 თვალსაჩინო უნგრელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე ლიბერალური მიმართულებისა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა)
...
ავადმყოფ ტვინშიც მოძრაობენ პატარა გორგოლაჭები. გიჟი ხომ ანგარიშმიუცემლად გამოთქვამს სიტყვებს, მთელ წინადადებასაც, ხშირად დალაგებულად  ლაპარაკობს. შეიძლება საათობით ვისაუბროთ და მისი მსჯელობა ლოგიკურად გვეჩვენოს. გიჟმა შეიძლება დათვალოს კიდეც, რადგან იგი დიდი ხანია მიეჩვია, რომ "ერთ" ციფრს მოჰყვება "ორი", მერე "სამი" და ა. შ. მაგრამ ჭკუიდან გადასული ვერ შეძლებს უკუღმა დათვლას, ამისთვის გონების დაძაბვაა საჭირო. "
წუთი საუკუნედ და საუკუნე წუთად შეიძლება მოგვეჩვენოს. ყოველი რიცხვი, ყოველი დათვლა ემოციურია თავისი შინაარსით და ისტორიით. რიცხვი გვახსენებს ბავშობასაც, ყმაწვილობასაც, სიხარულსაც, სიყვარულსაც, ბედნიერებას, ტკივილსაც და უბედურებასაც (არამარტო რიცხვს შეუძლია ეს ყოველივე).

კომენტარში უნდა იყოს მინიმუმ 15 სიმბოლო! კომენტარები გაივლის მოდერაციას.
reload, if the code cannot be seen
კომენტარი ჯერ არ არის. შენ შეგიძლია იყო პირველი!